Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანაში კორონავირუსით არავინ კვდება


ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ით არავინ მომკვდარა და არც მოკვდება. ლუკაშენკა დარწმუნებულია, რომ ყველა პაციენტი, რომელსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს და გარდაიცვალა, არა კორონავირუსმა, არამედ მძიმე ქრონიკულმა დაავადებებმა იმსხვერპლა.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“-ს მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები, რომ კორონავირუსი გარემოა, სადაც ქრონიკული დაავადებები ვითარდება. ლუკაშენკას განცხადებითვე, ბელარუსმა ინფიცირებულთა გადასარჩენად უკვე მიაგნო მედიკამენტების კომბინაციას და თუ პაციენტი ხელებს არ ჩამოუშვებს, აუცილებლად გამოჯანმრთელდება.

ბელარუსის პრეზიდენტმა ეს განცხადებები 13 აპრილს გამართულ სამთავრობო თათბირზე გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ არ აპირებს ხალხს სააღდგომოდ ეკლესიაში წასვლა აუკრძალოს და იქ თავადაც მივა. ამასთან, ლუკაშენკამ სასულიერო პირებს მოუწოდა, წირვა ტაძრების გარეთ, ღია ცის ქვეშ ჩაატარონ.

ლუკაშენკამ, რომელიც დიდხანს უარყოფდა ბელარუსში კორონავირუსის გავრცელების ფაქტს, ადრეც არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომელიც მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ბელარუსის პრეზიდენტი საჭიროდ არ თვლის იზოლაციას და დამცავი საშუალებების მასობრივად გამოყენებას. ლუკაშენკამ ისიც კი თქვა, რომ საუკეთესო წამალი მინდორში ტრაქტორით მუშაობაა.

COVID-19-ის გამო, ბელარუსში კარანტინი არ გამოუცხადებიათ და არც მასობრივი ღონისძიებები აუკრძალავთ, მათ შორის ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ბელარუსის ხელისუფლებას მიმართა, რომ სიტუაციის არაკეთილსაიმედო განვითარებისა და პაციენტების რაოდენობის ზრდისთვის მოემზადოს. საერთაშორისო ორგანიზაციამ მინსკს მოუწოდა, უარი თქვას მასობრივ ღონისძიებებზე, მათ შორის 9 მაისს დანიშნულ სამხედრო აღლუმზე. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთ შესაძლებლობას არც კი განიხილავენ.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში COVID-19-ით დაავადდა 2919 ადამიანი. მათგან 29 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG