Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ახალი შეკითხვები ჩნდება კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით


ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კორონავირუსის წარმოშობა რაიმე სახით დაკავშირებული იყო ჩინეთის ქალაქ უჰანში მდებარე ლაბორატორიასთან, ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან ისმოდა. თავიდან მსგავს მსჯელობებს უფრო კონსპირაციის თეორიების მოყვარულები ავრცელებდნენ. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის შესაძლებლობაზე კითხვები უფრო სანდო, მეინსტრიმულ პუბლიკაციებშიც დაისვა.

ეს ავტორები არ ამტკიცებენ, რომ ვირუსი ადამიანის შექმნილია - მეცნიერების აბსოლუტური უმეტესობა ამბობს, რომ ის ბუნებრივად, ცხოველებში წარმოიქმნა და შემდეგ ადამიანს გადაეცა. კითხვის ნიშნები ისმება გადაცემის ადგილთან დაკავშირებით - რამდენად სანდოა ვარაუდი, რომ პირველი ინფიცირება უჰანის ცხოველების ბაზარში მოხდა. ხომ არ შეიძლება, რომ დაავადება შემთხვევით, ბაზრიდან არცთუ ისე შორს მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო.

2 აპრილს Washington Post-მა გამოაქვეყნა მოსაზრება, რომლის ავტორიც სწორედ ამ შეკითხვას სვამდა - უჰანის ვირუსოლოგიის მკვლევრები სწორედ კორონავირუსებს შეისწავლიდნენ და ღამურებს მთელი ჩინეთიდან აგროვებდნენ. რა ვიცით, რომ უსაფრთხოების წესები დაცული იყო და ვირუსმა ლაბორატორიიდან არ გაჟონაო.

ორი დღის შემდეგ გლენ ოუენმა, პატივცემულმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა დაწერა, ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების შესაძლებლობას ინგლისის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც არ გამორიცხავენო. ოუენის თანახმად, მისი წყაროები მთავრობაში ამბობენ, რომ, მართალია, ყველაზე სავარაუდო მაინც კორონავირუსის ცხოველების ბაზრიდან გავრცელების ვერსიაა, მაგრამ არც ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვას გამორიცხავენ.

ჟურნალმა Vanity Fair-მა გლენ ოუენს ასეთი შეკითხვა დაუსვა - როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ თეორიას ბრიტანელი ოფიციალური პირებიო და პასუხად მიიღო: მას მთავრობის უმაღლეს დონეზე განიხილავენო.

14 აპრილს კი Washington Post-ში კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა, რომლის ავტორი, ჯოშ როჯინი უჰანის ლაბორატორიაში 2018 წელს არსებულ ვითარებას აღწერდა. მისი ინფორმაციით, ამ დროს ლაბორატორია ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა მოინახულეს. ისინი იმდენად შეშფოთდნენ იქ არსებული არასათანადო უსაფრთხოების ზომებით, რომ ორი წერილი მისწერეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და ლაბორატორიისთვის დახმარების გამოყოფა სთხოვეს. არის შანსი, რომ SARS-ის ტიპის პანდემია დაიწყოსო - ნათქვამია წერილში.

Columbia Journalism Review, 15 აპრილის სტატიაში ამ მოსაზრებებს სკეპტიკურად უყურებს და წერს, დღეს ამ ახალ კორონავირუსზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით, ამიტომ მნიშნელოვანია დასკვნების გამოტანა არ ვიჩქაროთ, თუმცა სწორი შეკითხვების დასმაც აუცილებელიაო. გამოცემის აზრით, გაურკვევლობას აძლიერებს ჩინეთის გაუმჭვირვალობა და ინფორმაციის მიჩქმალვის მცდელობები.

მაგალითად, აშშ-ის დაზვერვა სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ჩინეთმა შეგნებულად დამალა ქვეყანაში გავრცელებული დაავადების მასშტაბები და ამ მოსაზრებას ბევრი სხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურებიც იზიარებენ. New York Times იუწყებოდა, რომ უჰანში დღემდე მკაცრად აკონტროლებენ ინფორმაციის გავრცელებას და ოფიციალური პირები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ ვირტუალურ ჯგუფებსაც შლიან.

ამას ისიც ემატება, რომ ჩინეთმა გასულ კვირას მკაცრი შეზღუდვები დააწესა კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებზე. ჯიმ როჯინის სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნის მთავრობა ამ საკითხზე უმარტივეს შეკითხვებსაც კი არ პასუხობს და აშშ-ის ექსპერტებთანაც არ თანამშრომლობს.

თუმცა, როგორც Vanity Fair წერს, მეცნიერების დიდი ნაწილი კორონავირუსის ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელების შესაძლებლობას არც გამორიცხავს, მაგრამ მაინცდამაინც არც სავარაუდოდ მიიჩნევს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის უსაფრთხოების ექსპერტმა ამეშ ადალიამ გამოცემას უთხრა, უფრო დასაჯერებელი ცხოველიდან პირდაპირ ადამიანზე გადაცემის თეორიააო.

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა დინამიკის კვლევის ცენტრის პროფესორი ბილ ჰენიჯი კი ფიქრობს, რომ ნაკლებსავარაუდოა, ვინმეს ამ ვირუსის შესწავლა მოსვლოდა თავში. კორონავირუსს, რომელიც ქვეყანას ზარალს ბევრი უსიმპტომო დაავადებულით აყენებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემას გადატვირთავენ, წესით, ლაბორატორია არც შეისწავლიდა, რადგან ვერც ერთი მკვლევარი ვერ მიხვდებოდა, თუ რეალურად რა შეუძლია მასო, - ამბობს ჰენიჯი და ამატებს: - სადმე სხვაგან რომ გაჩენილიყო ეს დაავადება, იქაც რაიმე საეჭვოს დაინახავდნენო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG