Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთმა დედაქალაქ სოფიაში მანქანით შესვლა და გასვლა აკრძალა


17 აპრილს ბულგარეთმა დედაქალაქ სოფიაში მანქანით შესვლა და გასვლა აკრძალა. აკრძალვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შეკავებას, ის მართლმადიდებლურ აღდგომამდე დარჩება ძალაში.

აკრძალვა აუცილებელია, ვინაიდან სოფიას მასობრივად ტოვებს ხალხი ოთხდღიან უქმეებზე, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მლადენ მარინოვმა.

ბულგარეთის ეროვნული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ ვენცისლავ მუტაფჩიისკის თქმით, სოფიიდან ხალხის მასობრივი გასვლა ძალზე შემაშფოთებელია, ვინაიდან ეს ქალაქი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია და ხალხის გადინება ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

გადაადგილებაზე აკრძალვების შესახებ 16 აპრილს იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ჯანდაცვის მინისტრის, კირილ ანანიევის თქმით, აკრძალვები არ შეეხება პოლიციის ავტომანქანებს, სასწრაფო დახმარებას, საქონლის მიმწოდებელ სატვირთო მანქანებსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების მანქანებს. ქალაქის შიგნით მანქანების მოძრაობა არ იკრძალება.

17 აპრილის მონაცემებით, ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 40 ადამიანი.

XS
SM
MD
LG