„ბოლნისი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი, იმიტომ, რომ 47 ადამიანს მიაღწია დაინფიცირებულთა რაოდენობამ“, - თქვა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა. მისი თქმით, დღეს, 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან იზოლირებული იქნება. „ეს განაპირობა იმან, რომ უკვე უშუალოდ გაიზარდა ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ დაინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის ბევრი წარმომადგენელი“, - აღნიშნავს სუბარი.
იმის გამო, რომ ექიმებსა და ექთნებს ბევრ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა, როგორც სუბარი ამბობს, ინფექციის ფართოდ გავრცელების საფრთხე გაჩნდა. პრემიერის მრჩეველმა საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო: „ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, შემოწმებას, ტესტირებას. პრაქტიკულად, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა კერა, რომელიც შეიძლება, იყოს და ყველა საეჭვო დაინფიცირებული გადავიყვანოთ შესაბამის კლინიკებში“.
სოზარ სუბარი დასძენს, რომ სოფლები, სავანეთი და ქვემო ბოლნისი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან გამოყოფილი არიან. ამასთან, მისი ინფორმაციით, ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანს შორისაც გაკეთებულია შლაგბაუმი. „სულ ხუთი საკონტროლო პუნქტია და ერთმანეთში მიმოსვლა მაქსიმალურად არის შემცირებული. მთლიანობაში მოსახლეობაც ზუსტად იცავს კარანტინის პირობებს, პრაქტიკულად გარეთ არ დადის. ძალიან მალე ზუსტი სურათი გვეცოდინება“, - ამბობს სუბარი.
ცალკე ზონად, აგრეთვე, გამოიყო დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭები, მაგრამ არა ინფექციის გავრცელების მიზეზით, როგორც სუბარი განმარტავს, იქ კომპანია RMG-ში ბევრი ხალხი არის დასაქმებული და ამ ნაბიჯის მიზანია ინფექციის გავრცელების თავიდან არიდება.
მთავრობამ 23 მარტიდან მკაცრი კარანტინი გამოაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.