Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ტახტისძირთან აგრესიულ „ბორდერიზაციაზე" აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს


ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებას გამოხატავს იმ ცნობების გამო, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია" რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან.

„ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე”, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, - „ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო „ბორდერიზაციის" განმტკიცებასა თუ გაფართოებას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო 17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესი.

სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG