Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეურნეობა პანდემიის დროს  - ვის სად და რატომ მოჰყავს ბოსტნეული?


მათ, ვისაც პატარა ეზო, ქალაქგარეთ მიწა, ან სოფლებში ნაკვეთები ჰქონდა ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მიწის დამუშავება დაიწყეს. ბოსტნეულის მოყვანა ზოგისთვის განტვირთვის საშუალებაა, ზოგისთვის კი პანდემიის გავრცელების ცუდი სცენარის შემთხვევაში ნაპოვნი გამოსავალი.

მერაბ ფოჩხიძემ, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მისი სამსახურიც დროებით დაიხურა, ოჯახთან ერთად აგარაკზე წასვლა და 300 კვადრატულ მიწის ფართობზე ბოსტნეულის მოყვანა გადაწყვიტა.

“ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ თუ ცუდად წავიდა ყველაფერი პროდუქტები შეიძლება აღარ იყოს. გარდა ამისა, შენი მოყვანილი ბოსტნეული როცა გაქვს მაინც სულ სხვა შეგრძნებაა, იცი რომ ეკოლოგიურად სუფთაა. პირველად ვაკეთებ ამ ყველაფერს. გოგრა უკვე დავთესე. კარტოფილის, კიტრის, პომიდვრის, მწვანილისა და ლობიოს დათესვას ახლა ვაპირებ," - ამბობს მერაბი

პომიდვრის ჩითილები
პომიდვრის ჩითილები

მისგან განსხვავებით, ლიკა კვარაცხელიას, თბილისის პატარა ეზოში, ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ ბოსტანიც ჰქონდა და ქათმებიც ჰყავდა, თუმცა წლებია მეურნეობისთვის აღარ ეცალა. თვითიზოლაციაში ბოსტანიც აღადგინა და იმედი აქვს, რომ ქათმებიც მალე ეყოლება.

“ სულ მაქვს მწვანილი, პიტნა, როზმარინი, ახლა ეზოში ისევ გამოვყავით ბოსტნისთვის ადგილი. ჩავრგავ კიტრსა და ლობიოს, უკვე გამოვიყვანე პომიდვრის ჩითილები. წელს, გვერდით, მეგობრის ნაკვეთში, დაახლოებით 800 კვადრატულ მიწის ფართობზეც დავთესეთ. სულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვეძებ და ახლა მომეცა საშუალება რომ ისევ ჩემი მოყვანილი მქონდეს.

მარწყვი
მარწყვი

პროდუქტის დეფიციტზე ნაკლებად ვფიქრობ, უბრალოდ ვცდილობ მინიმალურად გავიდე მაღაზიაში,პროდუქტის დეზინფექციაზე ფიქრი დამატებითი სტრესია. “- გვითხრა ლიკა კვარაცხელიამ

"ჩვენ საგურამოში ვართ, პატარა მიწა გვაქვს ეზოში, - კიტრი, პომიდორი, მწვანილი და კენკროვანი მცენარეები მოგვყავს, გვერდით ნაკვეთში კი კარტოფილი, სიმინდი და ლობიო. სულ ვამუშავებთ და ჩვენი სამყოფი ყველაფერი მოგვყავს " - ამბობს ქეთი ტაბატაძე. თუმცა ამჯერად მათთვის სამყოფი თესლების ყიდვა ოჯახს ორჯერ ძვირი დაუჯდა.

“ შარშან სათესლე კარტოფილში 80 თეთრი მისცეს ჩემებმა, წელს კი 1.80,2 ლარი ღირს.”

ქეთისთვის სურსათის მარაგზე ზრუნვა ახალი არ არის, თუმცა კორონავირუსის პირობებში მიწასთან მუშაობა სიახლე აღმოჩნდა მისი მეზობლებისთვის.

“მეზობლები მყავს ვინც მაგალითად ახლა დაიწყეს ფუსფუსი. შეშინებულია ხალხი, გაძვირდება ყველაფერი და ჯობს ჩვენი გვქონდესო - ამბობენ.”

ქეთი კორონავირუსის შემდგომ პერიოდზე უფრო წუხს, მისი აზრით, “სავარაუდოდ, კატასტროფულად გაძვირდება ყველაფერი, შემოსავალი იგივე იქნება, გასავალი კი გაორმაგებული.”

ეკონომიის გაკეთებისა და ნატურალური პროდუქტის მიღების სურვილი იქნება, გაურკვეველი მომავლისთვის თადარიგის დაჭერის მცდელობა, თუ სხვა მიზეზი, შედეგი ყველასთვის ერთია, სულ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც გამოსავალი მიწათმოქმედებაში იპოვა.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG