Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: არ დარეკოთ 112-ზე საგანგებო მდგომარეობის წესებთან და დროებით ნებართვებთან დაკავშირებით


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე, 112-ზე შესული ზარების უმრავლესობა არამიზნობრივია და ამის გამო თბილისისა და რუსთავის ცენტრები გადატვირთულია. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 112-ზე მოქალაქეთა დიდი ნაწილი საგანგებო მდგომარეობის წესებსა და დროებითი ნებართვების საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვებით რეკავს, რაც არასწორია:

"21 აპრილს 112-ში 16908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.

მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ 112-თან დაკავშირებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სთხოვს, მისცენ 112-თან დაკავშირების საშუალება იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და ვისთვისაც წამებიც გადამწყვეტია.

საგანგებო მდგომარეობის წესების შესახებ და გადაუდებელი საჭიროების, მათ შორის, მანქანით გადაადგილების დროებითი საშვის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 144. მოქალაქეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ხაზი გადატვირთულია და დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

დღეს 22 აპრილს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა და 22 მაისის ჩათვლით გასტანს.

XS
SM
MD
LG