Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის სასამართლომ გააუქმა ეპიდემიის გამო მთავრობის მიერ შემოღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა


პრაღა
პრაღა

პრაღის საქალაქო სასამართლომ ხუთშაბათს გააუქმა კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში ჩეხეთის მთავრობის მიერ შემოღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური შეზღუდვა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ვითარებაში აშკარაა შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, ზოგიერთი მათგანი მთავრობამ კანონდარღვევით შემოიღო. ეს შეეხება გადაადგილების აკრძალვას, ყველაზე აუცილებელი სახის გადაადგილებათა გამოკლებით; აკრძალვას ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების მონახულებაზე; და საცალო ვაჭრობის აკრძალვას, გარდა ვაჭრობისა სასურსათო პროდუქტებით, წამლებით, ბენზინითა და თამბაქოთი.

შეზღუდვები მარტის შუა რიცხვებში იქნა შემოღებული, როცა ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაიწყო. მთავრობამ წარმოადგინა მათი თანდათანობით გაუქმების გეგმა, მაგრამ ამჟამად აკრძალვების უდიდესი ნაწილი კვლავაც ძალაში რჩება.

პრაღის სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი აკრძალვები სერიოზული ჩარევაა საზოგადოების ცხოვრებაში და ზღუდავს მოქალაქეთა უფლებებს, რომლებიც რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონებითაა გარანტირებული.

სასამართლოს სენატის თავმჯდომარის, შტეპან ვიბორნის თქმით, ასეთი განკარგულებები საგანგებო ვითარების კანონთან შესაბამისობაში უნდა დამტკიცდეს და არ შედიოდეს ძალაში მთავრობის რომელიმე უწყების (ამ შემთხვევაში - ჯანდაცვის სამინისტროს) განკარგულებით.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და იგი 27 აპრილიდან ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG