საქართველოში ისევ მოქმედებს სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის დროებითი აკრძალვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 28 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
საქართველოში სასაფლაოები დროებით დაიკეტა აღდგომის დღესასწაულიდან, მეორე დღეს, 20 აპრილიდან.
საქართველოში აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე მისვლის ტრადიცია არსებობს და ეს დღე უქმედც კი ცხადდება. სასაფლაოები კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად დაიკეტა. დღეს, 28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.