„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მაჰირ მამედოვი, აცხადებს, რომ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების მინიმუმამდე შემცირების მიუხედავად, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების მკვეთრ შემცირებას ხელს უშლის აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადი. ამასთან, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მაჰირ მამედოვი დაეთანხმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხდებას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებამდე შესყიდული ნავთობპროდუქტების მარაგი. „იანვარ-თებერვალში არავინ იცოდა, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნებოდა. რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებდა. ჩვენც დაგვრჩა მარაგები. მაგალითად, ერთი ტონა დიზელის ფასი მსოფლიო ბაზარზე ახლა 118-128 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, იანვარ თებერვალში მისი ფასი 500-550 აშშ დოლარი იყო“, თქვა მაჰირ მამედოვმა.
საქართველოში, მაგალითად, ბენზინის ფასი, ხარისხის მიხედვით, ამაჟად 1.89 თეთრსა და 2.31 თეთრს შორის მერყეობს. „სოკარის“ გასამართ სადგურებზე ყველაზე იაფი ბენზინი 2.24 თეთრი ღირს.
2020 წლის 28 აპრილისთვის ნავთობზე მსოფლიო ფასები შედარებით შემცირდა. მაგალითად, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 1,45 აშშ დოლარით დაიკლო და 19,99 დოლარი გახდა, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი თითქმის 4 აშშ დოლარით შემცირდა და ბარელზე 12,78 აშშ დოლარი შეადგინა.
„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის პროგნოზით, ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასების ზრდა მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყება და წლის ბოლოს 2020 წლის იანვრის ნიშნულს დაუბრუნდება. „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“, რომელმაც 28 აპრილს ქვემო ქართლის ადმინისტრაციას რამდენიმე ასეული ოჯახისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, საქართველოში 116 ავტოგასამართი სადგური აქვს. კომპანიის დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმდინარე წლის 17-დან 27 აპრილამდე, როცა საქართველოში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აკრძალული იყო, მათი პროდუქციის მოხმარება ოთხჯერ შემცირდა. ამიტომ, მამედოვის თქმით, 116 გასამართი სადგურიდან 64 დაკეტეს, თუმცა კარანტინის შემსუბუქების შემდეგ, 27 აპრილიდან, ხელახლა გახსნეს.