ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თანახმად, დამძიმდა კოვიდ-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ერთი კვირაა მკურნალობს კლინიკაში:
„არ აქვს არც ჭარბი წონა, მას არ ჰქონია არც დატვირთული ანამნეზი, ასაკობრივადაც არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა, შეფასდა როგორც მძიმე და გადაყვანილ იქნა რეანიმაციაში“, - უთხრა მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა ითვლება საყურადღებოდ.
პაციენტებს შორის 12 მოზარდია. მათ შორის 2 ახალი. კერძოდ, კლინიკაში შეყვანილი 4 ახალი პაციენტი 2 დედა-შვილია, ერთი გორის კლასტერიდან, მეორე კი ერთ-ერთი ცნობილი კლასტერიდან, რომლის ოჯახის წევრებიც, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ასევე მკურნალობდნენ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში.
1 მაისს დილით, საქართველოში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 566-მდე გაიზარდა. მათგან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.