დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის შეწყვეტის საკითხზე.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში. ეს გახლავთ უმაღლესი ორგანო ქვეყანაში ამ პროცესის კოორდინირებისა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. იქ მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, მოგეხსენებათ, ეს გახლავთ მობილობის ყველაზე დიდი გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, - ამბობს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ამუშავდება, რაც წარმოიქმნება ყოველდღიურად და შეიძლება ის ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული.
„ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილებასთან ერთად არის ასოცირებული შესაძლო რისკების მატებასთან“, - დასძენს ზახაშვილი.
მისი ინფორმაციით, ამჟამად, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიგნით და მგზავრების მხრიდან პირბადეების გამოყენებას.
თბილისის მეტრო 31 მარტიდან გაჩერებულია. 31 მარტიდან გაჩერებულია ასევე ავტობუსის გადაადგილება. 24 მარტიდან აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.