Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს ბრალს სდებენ ამერიკულ ორგანიზაციებზე თავდასხმაში


აშშ ჩინეთთან კავშირის მქონე ჰაკერებს ადანაშაულებს კიბერთავდასხმებში ამერიკულ ორგანიზაციებზე, რომლებიც COVID-19-ს იკვლევენ.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, იძიებენ ჩინეთთან დაკავშირებული კიბერდამნაშავეების შეტევებს, რომელთა მიზანია ინტელექტუალური საკუთრების და COVID-19-ის მკურნალობის, ტესტირების და ვაქცინების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება. ორი უწყების ერთობლივ განცხადებაში არ არის მითითებული, რომელ ამერიკულ ორგანიზაციებზე განხორციელდა კიბერშეტევები.

ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში, ბრალდებას სიცრუე უწოდა, უდანაშულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს აზიანებს პანდემიასთან საერთაშორისო ბრძოლას.

ბოლო პერიოდში ჰაკერებისთვის პრიორიტეტული გახდა ახალი სახეობის კორონავირუსის კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დასავლეთის სახელმწიფოთა სპეცსამსახურებმა უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ კიბერთავდასხმები ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ კომპანიებზე.

გასულ კვირაში, სააგენტო „როიტერსი“ წერდა, რომ ირანთან კავშირის მქონე ჰაკერებმა შეაღწიეს ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, „გილეადის“ თანამშრომელთა კომპიუტერებში. ეს კომპანია აწარმოებს პრეპარატ „რემდესივირს“, რომელიც COVID-19-ის ეფექტურ სამკურნალო საშუალებად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG