Accessibility links

განათლების მინისტრის თქმით, შესაძლოა ეროვნული გამოცდები აგვისტოში ჩატარდეს


საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას არ გამორიცხა, რომ ეროვნული გამოცდების თარიღი შეიცვალოს და გამოცდები ივლისის ნაცვლად აგვისტოში ჩატარდეს.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ერთადერთი რაც ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით შეიძლება შეიცვალოს, თარიღების ცვლილება და აგვისტოსკენ გადატანა. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრის თქმით, ტრადიციულად ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი წელსაც ივნისში გამოცხადდება.

მისი თქმით, განათლების სამინისტროსთვის ნომერი პირველი კრიტერიუმი ადამიანის ჯანმრთელობაა და რაც ამ დროისთვის ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ საგამოცდო სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანი არ განთავსდება.

2020 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი აპირებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანახმად, 2020 წლის გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3600-ზე მეტი სტუდენტი, მაგისტრობის 12 600-ზე მეტი კანდიდატი და 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG