Accessibility links

აშშ „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებს სამშობიაროზე თავდასხმაში, ავღანელები თალიბანს აკისრებენ პასუხისმგებლობას


აშშ-მა 14 მაისს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები დაადანაშაულა ამ კვირის სისხლიან თავდასხმაში და მოუწოდა ავღანეთის მთავრობას, არ მისცეს მათ ნება, ჩაშალონ თალიბანთა სამშვიდობო მოლაპარაკების არამყარი პროცესი.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში, ზალმაი ხალილზადმა განაცხადა ტვიტერით, რომ აშშ-ის შეფასებით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა „საზარელი თავდასხმა“ სამშობიარო სახლზე ქაბულში და დასაფლავების ცერემონიაზე ნანგარჰარში. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ამით დაამტკიცა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე ამგვარი საზარელი თავდასხმების მომხრეა და წარმოადგენს საფრთხეს ავღანელი ხალხის და მთელი მსოფლიოსთვის“, აცხადებს ხალილზადი.

საავადმყოფოზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ამ თავდასხმისას 24 ადამიანი, მათ შორის, ორი ახალშობილი დაიღუპა. თალიბანმა უარყო, რომ ის დგას ამ თავდასხმის უკან.

ისე, რომ არ უხსენებია ხალილზადის გვარი, ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მიამიტი ადამიანი იჯერებს თალიბანის ტყუილს და ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ „ფიქტიურ“ ფრაქციას სდებს ბრალს.
„თალიბანის ვერც ხელები და ვერც მათი ლაქიანი ცნობიერება ვერ ჩამოირეცხავს ქალების და ბავშვების, სხვა უდანაშაულო ადამიანების სისხლს ბოლო დროის უაზრო ხოცვა-ჟლეტისას“, - განაცხადა სალეჰმა „ტვიტერით“.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს ბრძანება მისცა, თალიბანის და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ მას მერე, რაც 12 მაისის თავდასხმების შედეგად 56 ადამიანი მოკლეს.

არ არის ცხადი, რას შეუწყობს ხელს აშშ-ის პოზიცია, სამშვიდობო მცდელობების გააქტიურებას თუ ღანის გაანგარიშების შეცვლას, დაეწყო იერიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG