ევროპასა და აზიაში კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრებში გრძელდება მკაცრი საკარანტინო ზომების ეტაპობრივი გაუქმება მაშინ, როცა ბრაზილია მსოფლიოში პანდემიით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად იქცა.
საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში 17 მაისს უკვე მეორე დღეა გახსნილია პლაჟები. ესპანეთში ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პირველადაა 100-ზე ნაკლები.
გერმანიაში უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში, ბუნდესლიგაში, ორი თამაში ტარდება ცარიელ სტადიონებზე. ბუნდესლიგამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად განაახლა მატჩები და ძირითადი თამაშები გუშინ გაიმართა. გუშინვე გერმანიაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწყო საპროტესტო გამოსვლები სოციალური დისტანცირების ზომების წინააღმდეგ.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 16 მაისს აღიარა, რომ ეკონომიკის კვლავ ამოქმედება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს, მაგრამ თქვა, რომ „ამაზე უნდა წავიდეთ“ მანამდეც კი, სანამ ვაქცინა შეიქმნება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაზეთ Mail-ში დაწერა: „გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ვაქცინა შეიძლება არ იყოს ქმედითი“.
ბრაზილია, რომლის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ პანდემიას „მცირე გრიპი“ უწოდა, 230 ათასზე მეტი დადასტურებული ინფიცირებულით მეოთხე ადგილზე გადავიდა ამ მაჩვენებლის მიხედვით.
ამჟამად მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 312 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4,6 მილიონს. ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვები ბევრად მაღალია.