Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აშშ აღარ დააფინანსებს, თუ ის მუშაობას არ გააუმჯობებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, რომ აღარ დააფინანსოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), თუ ის არ იკისრებს ვალდებულებას, გააუმჯობესოს მუშაობა 30 დღის განმავლობაში. ტრამპის თანახმად, სხვა შემთხვევაში, აშშ თავის წევრობას ორგანიზაციაში გადახედავს და დაფინანსების დროებითს შეწყვეტას სშეცვლის მუდმივი შეწყვეტით. ამის თაობაზე ტრამპმა მისწერა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და წერილი ტვიტერით გამოაქვეყნა.

ტრამპის თქმით, ერთადერთი წინ მიმავალი გზა ორგანიზაციისთვის, ჩინეთისგან დამოუკიდებლობაა. ადრე მან ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის „მარიონეტი“ უწოდა.

ვაშინგტონში თვლიან, რომ პეკინი ეპიდემიის გავრცელების ნამდვილ მასშტაბებს და ტემპს მალავდა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, აშშ-ის მთავრობის აზრით, ბრმად უჯერებდა პეკინიდან მომავალ მონაცემებს და ვერ შესძლო ვითარების სერიოზულობის შეფასება. შედეგად, პანდემია გამოცხადდა მარტის შუაში, როცა კორონავირუსის ინფექციით ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა მსოფლიოში.

ინფექციის წარმოშობის და მასობრივი გავრცელების გამოძიებისკენ მოწოდებით გამოდის ევროკავშირი და ავსტრალია. ამ წინადადებას მხარს უჭერს 122 ქვეყანა, მათთან ერთად, ბრიტანეთი და რუსეთი.

ჩინეთმა უარყო მოწოდებები კორონავირუსის აფეთქების დამოუკიდებელი გამოძიების თაობაზე.

ამ ქვეყნის მეთაურმა, სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის იყო „მაქსიმალურად სანდო და გამჭვირვალე“. მისი თქმით, უნდა გადაიდოს ყოველგვარი გამოძიება, სანამ პანდემია მთელ მსოფლიოში სრული კონტროლის ქვეშ არ იქნება. სი ძინპინმა დასძინა, რომ პეკინი ორი წლის განმავლობაში ორ მილიარდ დოლარს გადაურიცხავს პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს დახმარების სახით.

19 მაისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4,8 მილიონი ადამიანი, მას ემსხვერპლა 319 ათასი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,8 მილიონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG