Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილს პროკურატურაში უჩივლეს უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებისთვის


საქართველოს პრეზიდენტს თბილისის პროკურატურაში უჩივლა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. ის სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ადვოკატი ითხოვს, პროკურატურამ გამოიძიოს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით პრეზიდენტის მიერ ჩადენილი სავარაუდო, სამოხელეო დანაშაული

„საჩივარში ასახულია ის პროცედურული საკითხები, რაც თან ახლავს ხოლმე შეწყალებას. პრეზიდენტმა არც ერთი პუნქტი არ დაიცვა და ისე შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა. უგულავასა და ოქრუაშვილის საქმის გამოძიებაზე უამრავი რესურსი დახარჯა სახელმწიფომ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და შემდგომ ამ ადამიანების შეწყალება მოხდა. ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რისი შესაძლებლობაც პრეზიდენტს არ აქვს“, - უთხრა ჟურნალისტებს ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ დანაშაული არ მოუნანიებიათ და, ამასთან, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე უნდა განეხილა შესაბამის კომისიას.

კობაიძის თქმით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ბრალდება ჰქონდა, მას დაუდასტურეს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებისას პროცედურული საკითხები არ დაიცვა და გაასამართლეს. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წელს გამოუტანა და დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით პატიმრობა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მოწოდება საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად დაცვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG