Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ხმაურით წარიმართა


გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე პროკურორსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რაც მალე განიმუხტა და პროცესი მშვიდად გაგრძელდა, - ამის შესახებ გიორგი რურუას საქმის პროკურორმა და ადვოკატმა განაცხადეს, სხდომის დასრულების შემდეგ.

პროკურორ ვასილ სამხარაძის განცხადებით, გიორგი რურუა ცდილობდა პროცესის მიმდინარებისას მოწმეების დისკრედიტაციას.

„მოწმის დისკრედიტაცია ნიშნავს, მოწმეზე მისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას, დანარჩენი უკვე ხმაურიანი საუბარი იყო“, - განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პროცესზე პროკურორის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება ჩანდა, „ადგილი ჰქონდა ყვირილს, რამაც გამოიწვია სიტუაციის გამწვავება“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი განმარტებით, სიტუაცია მალევე განიმუხტა. მოსამართლემ გაფრთხილება მისცა პროკურორსაც და ბრალდებულსაც.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 4 მოწმე დაიკითხა, ის ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც გიორგი რურუას დნმ-ს აღების პროცესს ესწრებოდნენ და ისინი, ვინც რურუას მანქანა გაჩხრიკა.

ადვოკატ შალვა შავგულიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოწმეთა დაკითხვისას მნიშვნელოვანი რამ ითქვა, რომ არსებული დმს-ს ნიმუში არ დალუქულა სპეციალურ ერთჯერად კონტეინერში, სპეციალური შტრიხკოდის მითითებით, მისი თქმით, ეს ამყარებს დაცვის მხარის ეჭვს, რომ დნმ-ს დატანა მოხდა იარაღზე, შავგულიძის თქმით „სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული“.

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ორშაბათს გაგრძელდება.

18 მაისის სხდომაზე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მოსამართლემ განმარტა, რომ ახალი გარემოებები არ არსებობს და კვლავ რჩება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ოპოზიციური პარტიები რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების საკითხებში ჩასართავად სწორედ ამ საკითხს აყენებდნენ.

გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG