Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველი, როგორც პაციენტი


საავადმყოფოში რომ არჩევნები ტარდებოდეს და კენჭს იყრიდნენ ექიმი, ინჟინერი, პედაგოგი, სპორტსმენი, ფიზიკოსი, კონსულტანტი, მეთევზე, ბიზნესმენი, ხარატი და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებდა პირველივე ტურში, თუკი ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ამ საავადმყოფოს პაციენტები იქნებიან?

მოდელად, შესაძლოა, ნოშრევან კუჭუხიძის ნეო-ნერვო კლინიკა და მისი პაციენტებიც კი გამოგვადგნენ რეზო გაბრიაძის „შერეკილებიდან“.

„...იგრძნობოდა პროგრესის სუნი. პაციენტთა განკარგულებაში იყო სახარატო, საზეინკლო, სახარაზო და, რა თქმა უნდა, სამჭედლო საამქროები. აქვე აკეთებდნენ ღვინის კასრებს, დოლებს და კამათლებს ოკრიბული შავი ქვისგან, გიშერს რომ უწოდებდნენ და სინამდვილეშიც გიშერი რომ იყო. მკალავიც ჰყავდათ...“ - და ბევრი სხვა ვინმეც ჰყავდათ ნეო-ნერვო კლინიკაში, მაგრამ ყველას ის ჰქონდა საერთო, რომ „ავადმყოფები“ იყვნენ და, როგორც ეს საყოველთაოდ არის მიღებული, ემორჩილებოდნენ ექიმს, რომელიც, მოგეხსენებათ, ძველი რომაელების თქმით, ადამიანთა მოდგმის მეგობარია.

ექიმი, საავადმყოფო, პაციენტები და არჩევნები, ცხადია, შემთხვევით არ გვიხსენებია. ორთვიანმა ბრძოლამ ეპიდემიასთან თვალსაჩინოდ დაგვანახვა ექიმებისადმი მორჩილებისა და სიყვარულის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები; დაგვანახვა ჩვენი, როგორც პოტენციური ავადმყოფების, შიშებით მანიპულირების უკიდეგანო შესაძლებლობები; დაგვანახვა, თუ რა მასშტაბის მორჩილებამდე შეიძლება მივიდეთ, როცა საქმეში ჩართულია ექიმის ავტორიტეტი და ავადმყოფების (ან პოტენციური ავადმყოფების) შიშები; დაგვანახვა, რომ, როცა გვეპყრობიან როგორც ავადმყოფებს, მართლა ვიჯერებთ, რომ ავად ვართ...

თქმა არ უნდა, ავადმყოფობა რადიკალურად ცვლის ადამიანს, ცვლის მის ქცევასა და ფიქრებს. ნუ დავჯერდებით საკუთარ გამოცდილებას და დავიმოწმოთ გაუსაძლის ტკივილებთან მებრძოლი დიდი მოაზროვნე, ბლეზ პასკალი, რომელიც ამბობდა:

„როცა კაცი კარგადაა, ვერ გაუგია, რისი სული უდგას სნეულს, ხოლო როცა ავად ხდება, სიამოვნებით ყლაპავს წამლებს: რა ქნას, ასეა საჭირო. მას აღარც ვნება გააჩნია, აღარც გართობისა და სეირნობის სურვილი, რომელიც ასე განუყრელია ჯანმრთელობისაგან და ასე შეუთავსებელი - სნეულებასთან. ახლა ბუნება მისი აწინდელი მდგომარეობის შესაბამისი ვნებებითა და სურვილებით ავსებს მას. მხოლოდ შიშია ის, რითაც ბუნება კი არა, ჩვენ თვითონ ვივსებთ საკუთარ სულს. მხოლოდ შიშია ის, რაც გვამღვრევს, ვინაიდან ჩვენს აწინდელ ყოფას უწინდელი ყოფის ვნებებს უსართავს“.

არ იქნება გასაკვირი, თუკი რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს გაუჩნდება სურვილი, თვითონ იყოს ექიმი და ამომრჩევლებად ჰყავდეს დაავადების შიშით დაზაფრული, მორჩილი პაციენტები, რომლებიც, როგორც წესი, თვალებში შესციცინებენ ექიმს და ყოველ მის სიტყვას ყლაპავენ როგორც უებარ წამალს, რამეთუ ექიმის „სიტყვაც მკურნალია“ (Medicus oratio).

კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, გვაფიქრებინებს, რომ „ექიმობის“ მოსურნე ლიდერები საქართველოს ხელისუფლებაშიც არიან. საპარლამენტო უმრავლესობა ალბათ მხარს დაუჭერს ცვლილებათა პროექტს, რომელიც უფლებას მისცემს მთავრობას, პარლამენტის თანხმობის გარეშე, შეზღუდოს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც, როგორც წესი, იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ანუ მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური (რეალურად პრემიერ-მინისტრი ერთპიროვნულად) გადაწყვეტენ, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საჭიროა შეგვეზღუდოს თავისუფლად გადაადგილების, შეკრების, საკუთრების, შრომის და პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობის უფლება. ერთი სიტყვით, პრემიერ-მინისტრს, ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე, შეეძლება გამოგვაცხადოს ავადმყოფებად ან პოტენციურ ავადმყოფებად, ინფიცირებულებად ან „შესაძლო ინფიცირებულებად“ (ეს უკანასკნელი სიახლეა, აქამდე ქართული კანონმდებლობა არ იცნობდა ასეთ ტერმინს) და იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენსავე გადასარჩენად, გაატაროს „საკარანტინო ღონისძიებები“.

რომელი პოლიტიკოსი არ ისურვებს ექიმობას, როცა ელექტორატი მასობრივად შენზე დამოკიდებული ავადმყოფებისგან (პოტენციური ავადმყოფებისგან) ანუ თავისივე პაციენტებისგან შედგება?

და ხალხი რა იზამს? ხალხი, რომელსაც დაარწმუნებენ, რომ საფრთხის ქვეშ არის თვითონ, რომ საფრთხის ქვეშ არიან, როგორც მისი არასრუწლოვანი შვილები, ასევე ხანდაზმული მშობლები?

ცხადია შეშინდება, მიენდობა ექიმს და დაიჯერებს, რომ მისი ჯანმრთელობა და ბედი დამოკიდებულია მასზე - პრემიერ-ექიმზე, რომელსაც, ჩვეულებრივი ნორმალური ვითარებისგან განსხვავებით, ალტერნატივა არ ჰყავს. ცხადია, თქვენ არ შეგიძლიათ ექიმის არჩევა, რადგანაც ის ერთადერთია და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული თქვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი.

საქართველოს პარლამენტიც, უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტით, ცდილობს პრემიერ-მინისტრი აღჭურვოს განსაკუთრებული უფლებით: როცა დასჭირდება, სახელმწიფო-მოქალაქის ურთიერთობის მოდელი შეცვალოს ექიმი-ავადმყოფის ურთიერთობის მოდელით!

ხალხს რომ წამალი სწყურია (Populus remedia cupit) - ეს იცოდნენ ძველ რომში ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინ და, ცხადია, იციან, დღესაც, თუმცა, ამ წყურვილისგან მაქსიმალური პოლიტიკური სარგებლის მისაღებად, ხალხი ჯერ იმაში უნდა დაარწმუნო, რომ ავადაა, რომ ის მოქალაქე კი არა, პაციენტია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG