Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს გამოუყო 91 მილიონი ევრო


საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე ხელი 91 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო შეთანხმებას მოეწერა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, AIIB-ის მიერ გამოყოფილი აღნიშნული თანხა არის ნაწილი მსოფლიო ბანკთან 1 მაისს გაფორმებული შეთანხმებისა, რომლითაც საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი გამოეყო.

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საბიუჯეტო მხარდაჭერის ზუსტი მოცულობა 91,340,000 ევროს შეადგენს და მისი მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება:

„ჩვენი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისკენ და მოხმარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე, COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ინფორმაციის თანახმად, პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

XS
SM
MD
LG