Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ამბობენ, რომ დასჯიან კარანტინიდან გაქცეულ კურსანტებს


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ე.წ. ოფიციალური სტრუქტურები ადასტურებენ კარანტინში განთავსებული კურსანტების გაქცევის ფაქტს და აცხადებენ, რომ ისინი სათანადოდ დაისჯებიან. კერძოდ, ცნობილია, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში უკვე მზადაა ბრძანება სამხედრო სასწავლებლიდან მათი გარიცხვის შესახებ.

არსებული ინფორმაციით, დღეს 21 მაისს კურსანტების მშობლებს შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, რომ საუბარი მკაცრი იყო და ე.წ. პრეზიდენტმა კურსანტების საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა:

„მე ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანი მათ საქციელს ამართლებდით. მშობლები, რომლებიც კურსანტებს, სამხედროებს ექცევიან როგორც პატარა შვილიკოებს, მათ აფუჭებენ.

ჩვენ ან ვზრდით ნამდვილ კაცებს, რომლებმაც ხვალ სამშობლო უნდა დაიცვან, ვზრდით იმ თაობის სულისკვეთებით, რომელიც 5 წელი სანგრებში, სიცივეში იბრძოდა და ყველაფრის მიუხედავად გამარჯვებისკენ მიდიოდა, ან ვზრდით წვინტლიან ბიჭებს, რომლებმაც დისციპლინა არ იციან, არ ასრულებენ დადებულ ფიცს და ორი კვირა არ შეუძლიათ კარანტინში, სითბოსა და სათანადო პირობებში ყოფნა“, - უთხრა ანატოლი ბიბილოვმა კურსანტების მშობლებს და შეახსენა, რომ იზოლაციაში სამოქალაქო პირებიც იმყოფებიან:

„14 დღე კარანტინში იმყოფებიან ქალები ჩვილებით და მოხუცებიც. ისინი ამას პასუხისმგებლობით ეკიდებიან. სამხედრო პირებმა კი ტერიტორია დატოვეს და რესპუბლიკის მოსახლეობის, მოხუცების, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენეს ისე, რომ არ უგრძვნიათ პასუხისმგბლობა სამშობლოს წინაშე", - უთხრა კარატინიდან გაქცეული კურსანტების მშობლებს ანატოლი ბიბილოვმა. მან კურსანტების სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვამდე მოითხოვა, ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგინდეს, ვინ იყო "დემარშის" ინიციატორი.

დე ფაქტო სამხეთ ოსეთის საკარანტინე სივრციდან გაიქცა რუსეთის სამხედრო სასწავლებლის 25 კურსანტი. ისინი პანდემის გამო დაბრუნდნენ ცხივნალში და კარანტინში იმყოფებდნენ. სამართალდამცველებმა გაქცეულები უკან დააბრუნეს.

ცხინვალის ე.წ. სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 213 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებელში კი 146 პაციენტი იმყოფება.

სამხერთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ადგილობრვი ხელისუფლების განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებულია 34 პაციენტი, მათ შორის 5 გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG