Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატი: საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, თუმცა მათ არ გავასაჯაროებთ


ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატების თანახმად, ბრალდების მხარის მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატ ანა თავხელიძის თქმით, გამოძიების საწყის ეტაპზევე დაცვის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა. მისივე მტკიცებით, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილისგან არა ერთი, არამედ სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ადვოკატის განმარტებით, სახელმწიფო ბრალდებას მათთან თანამშრომლობით არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეუძლია, თუმცა თავად ადვოკატები მის გასაჯაროებას პრინციპულად არ აპირებენ:

„კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეში ჩვენ შეგნებულად არ შევდივართ და არ ვსაუბრობთ, არ ვასაჯაროებთ ამ მტკიცებულებებს, ვინაიდან ვუფრთხილდებით პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ასევე, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ დაზარალებულებისთვის ხელახალი ზიანის მიყენება“, - აღნიშნა ანა თავხელიძემ. მისი თქმით, დაუშვებელია ადამიანების პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG