Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურიაში ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა


ბახმარო
ბახმარო

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა(EMC) გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, ბათილად გამოცხადდეს ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ბახვი 2“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

EMC-ის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

EMC-ის განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით დგინდება, რომ 36 მეგავატი სიმძლავრის დადგმული ჰესის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობას და ექსპლუატაციას. „ბახვი 2“-ის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ჰიდროელექტროსადგურ „ბახვი 3“-ის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის.

პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი - კურორტი ბახმარო მდებარეობს ჰესის შენობიდან 6570 მეტრში, უახლოესი საცხოვრებელი ზონა - სოფელი უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფელი ვაკიჯვარი 3375 მეტრით.

ჰესის მშენებლობა ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური, სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება.

პროექტს ახორციელებს შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2".

EMC განმარტავს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე დაგეგმილი საქმიანობის შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს. მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი და ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემასა და ჰესთან მდებარე სოფლების მოსახლეობაზე.

EMC-ის შეფასებითვე, პრობლემურია ისიც, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიღებულია ადგილობრივი მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG