Accessibility links

საქართველოში მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა


დღეს დილიდან საქართველოში მუშაობა განაახლა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და თბილისის მეტროში სავალდებულოა ნიღბის გამოყენება.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აკრძალულია კონდიციონერის ჩართვა, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, კონდიციონერი ქმნის ვირუსის გავრცელების საფრთხეს. ტრანსპორტში ღია უნდა იყოს ფანჯრები.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება, მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს. პოლიცია მეტროში არ ჩაუშვებს მგზავრს, რომელსაც ნიღაბი არ ექნება. თბილისის მიკროავტობუსებში, რომლებიც კერძო კომპანიის საკუთრებაა, აიკრძალა მგზავრების ფეხზე დგომა.

მუნიციპალურმა ავტოტრანსპორტმა მუშაობა განაახლა ბათუმშიც. საქართველოს იმ ქალაქებში, და ასეთია უმრავლესობა, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს, მგზავრებს კერძო კომპანიების ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურებიან. წესების დაცვა სავალდებულოა ყველასთვის.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა მარტის ბოლოს შეწყდა. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება 27 მაისს მიიღო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების და ვირუსის შიდა გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირების საფუძველზე.

8 ივნისიდან განახლდება საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG