Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ცნობილი რუსი უფლებადამცველი სერგეი მოხნატკინი


66 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა რუსი უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი სერგეი მოხნატკინი.

„მას მრავალი წელი კლავდნენ, და მოკლეს“, - დაწერა ფეისბუკზე მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა.

აპრილში, სერგეი მოხნატკინის ცოლმა, ანა კრეჩეტოვამ განაცხადა, რომ სერგეი ოპერაციის შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაშია.

მანამდე, გასული წლის ბოლოს, უფლებადამცველი ​კლინიკაში გადაიყვანეს არხანგელსკის ოლქის კოლონიაში მიღებული ტრავმის გართულების გამო.

2009 წლის 31 დეკემბერს, სერგეი მოხნატკინი მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე დააკავეს „სტრატეგია 31“-ის საპროტესტო აქციის დროს. ეს მოძრაობა რუსეთში შეკრების თავისუფლებისთვის იბრძვის. მოხნატკინს ბრალად დასდეს მილიციელის ცემა და 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

კოლონიაში სერგეი მოხნატკინი აქტიურად იცავდა საკუთარ და სხვა პატიმრების უფლებებს, რის გამოც არაერთხელ გახდა რეპრესიის სამიზნე. რუსეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოხნატკინი პოლიტპატიმრად აღიარეს.

2012 წელს სერგეი მოხნატკინი რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შეიწყალა.

2013 წლის 31 დეკემბერს, უფლებადამცველი კვლავ „სტრატეგია 31“-ის აქციაზე დააკავეს, ისევ იგივე ბრალდებით და გაასამართლეს, 2017 წელს კი დამატებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოლონიის მუშაობის დეზორგანიზაციის ბრალდებით. გამოძიების მტკიცებით, სერგეი მოხნატკინი წინააღმდეგობას უწევდა კოლონიის თანამშრომლებს. მათი მხრიდან ცემის შედეგად, უფლებადამცველმა ხერხემლის ტრავმა მიიღო. სერგეი მოხნატკინმა საპატიმრო 2018 წლის დეკემბერში დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG