Accessibility links

ტყიბულელმა მეშახტეებმა მუშაობა შეაჩერეს


ტყიბულელმა მეშახტეებმა მინდელის და ძიძიგურის შახტებში მუშაობა შეაჩერეს. ისინი შრომის პირობების და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

პროფკავშირის წარმომადგენელმა გაგა ისაკაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შახტში ჩასასვლელი კონსტრუქციის გაუმართაობა მეშახტეთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და მის დროულად შეკეთებას მოითხოვენ.

ისაკაძის ინფორმაციით, ორი დღის წინ, მინდელის შახტის დამხმარე ჭაურში, ანუ გვირაბში, სადაც ე.წ. ჭურჭელი მოძრაობს და შახტში ჩადიან და ამოდიან, ინციდენტი მოხდა და საფრთხე შეუქმნა 22 მეშახტის სიცოცხლეს: „გვირაბში გაეჭედა ჭურჭელი და მეშახტეების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. მას შემდეგ, რაც ამოვიყვანეთ, ადმინისტრაციამ ერთ საათში გააკეთა განცხადება, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია და ყველა მეშახტე ამბობს, რომ სიცოცხლის რისკის ფასად ვერ იმუშავებს. ამიტომ არ ჩავდივართ შახტებში. გაფიცულები არ ვართ, ვითხოვთ უსაფრთხო შრომის პირობებს და გარემოს“.

გაგა ისაკაძე ამბობს, რომ მსგავსი ინციდენტები ხშირადაა: „ადმინისტრაციამ ძიძიგურის შახტის ჭაური გვირაბების რემონტი დაიწყო მხოლოდ, როდესაც მინდელის შახტის ჩასასვლელ-ამოსასვლელი გვირაბები არანაკლებ დაზიანებულია. ახლა ვითხოვთ გარემონტებას ამ მოწყობილობების ისე, რომ უსაფრთხო იყოს. მუშაობაზე უარს არავინ ამბობს“.

პროფკავშირების წარმომადგენლის ცნობითვე, მეშახტეებს ხელფასიდან ისევ დაექვითათ საშემოსავლო გადასახადის თანხა - ხელფასის 20%, მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სახელმწიფომ კომპანია ამ ვალდებულებისგან გაათავისუფლა. ამიტომ მეშახტეები დაქვითული თანხის დაბრუნებასაც მოითხოვენ. „უკვე შევხვდით ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, დააკმაყოფილებენ თუ არა ჩვენს მოთხოვნებს“, - გვითხრა გაგა ისაკაძემ.

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნესჯგუფს Steel International Trade Company-ს.

ტყიბულის შახტები 2018 წლის ივლისში დაიხურა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, რასაც წინ უძღოდა 4 მაღაროელის დაღუპვა. შახტებმა მუშაობა არასრული დატვირთვით 2019 წლის ოქტომბრიდან განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG