Accessibility links

"დაბალი რანგის დოკუმენტი" და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობიზმი - კონგრესმენთა ანგარიშის შეფასებები „ქართული ოცნების“ მხრიდან


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ 13 კონგრესმენის ანგარიში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კორუფციის ხარჯზე მოპოვებული თანხის კონკრეტული ლობისტებისთვის გადახდის დამსახურება“.

გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს.

13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებული დოკუმენტის, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება, ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, „დაბალი დონის“ დოკუმენტში მოყვანილი ფრაზები „არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს“

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს ფული აქვს აღებული და ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა“.

თუმცა, ირაკლი კობაიძე მიიჩნევს, რომ ასეთ დოკუმენტებზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებები, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს მოწმობს, სხვა დოკუმენტები ამ დამოკიდებულებას ვერ დააკნინებს.

„ბუნებრივია, ეს ვერ გააფუჭებს და ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებში“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის პირველივიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის სიტყვებით „ქართული ოცნების ხელისუფლება არა მხოლოდ პროდასავლურია, არამედ "ჩვენ უმაღლესი ხარისხის თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - ამასთან მისი განმარტებით, შესაძლებელია ისეთი მაგალითების დასახელება, რომელიც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთისთვის ხელსაყრელი ქმედებები.

„ფაქტია ისიც, რომ შემიძლია რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც ნაცმოძრაობამ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არც ჩანს, არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე კახა კუჭავაც ეხმაურება კონგრესმენთა ანგარიშს და აცხადებს, რომ ერთი ფრაზის გარდა, მთლიანი ანგარიშისაქართველოსა და აშშ-ს შორი სტრატეგიულ პარტნიორობას უსვამს ხაზს.

„ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე ის ერთი წინადადება, რომელმაც გამოიწვა ასეთი აჟიოტაჟი, მთლიანად ამოგდებულია კონტექსტიდან და ჩემი აზრით პირდაპირ ჩანს ის სამუშაო, რომელიც გაწიეს ლობისტებმა, რომ ასეთი წინადადება მოხვედრილიყო ამ დოკუმენტში“, - ასე გამოეხმაურა 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.

ასევე ნახეთ: ამერიკელი კონგრესმენები ივანიშვილს მიიჩნევენ საქართველოში პუტინის ინტერესების გამტარებლად

სალომე სამადაშვილი კონგრესმენების შეფასებაზე: პარტნიორები პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG