Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


ვიქტორ ბაბარიკო
ვიქტორ ბაბარიკო

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას ერთ-ერთი სავარაუდო რეალური ოპონენტის ვიქტორ ბაბარიკოს მიმართ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გადასახადების თავიდან არიდების მუხლით.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა 11 ივნისს ბანკ „ბელგაზპრომბანკის“ სათავო ოფისი გაჩხრიკეს.

მის მიმართ დაწყებული გამოძიების კომენტირებისას, ვიქტორ ბაბარიკომ 12 ივნისს განაცხადა, რომ 100 ათასი დოლარი, 100 ათასი ევრო და კიდევ დაახლოებით 300 ათასი დოლარის ღირებულების ობლიგაციები მან გადასცა თავის მეგობრებს შესანახად, „გაუთვალისწინებელი ვითარების“ შემთხვევაში. ბაბარიკა უარყოფს გადასახადების დამალვას და აცხადებს, რომ ამ თანხიდან უკვე გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი და აპირებდა მათ დეკლარირებას პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტრირების შემთხვევაში.

ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის ფინანსური საქმეების საგამოძიებო დეპარტამენტში 12 ივნისს განაცხადეს, რომ მათ მოეპოვებათ მტკიცებულებები „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელის უკანონო საქმიანობის შესახებ.

ამ განცხადებიდან 4 საათში თავის კომენტარი გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელმაც განაცხადა, რომ „ბელგაზპრომბანკის“ საქმეზე უკვე დაპატიმრებულია 15 კაცი.

ვიქტორ ბაბარიკო სწორედ ამ საფინანსო ინსტიტუტის, რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი „ბელგაზპრომბანკის“ პრეზიდენტი იყო.

თავისი ფინანსური რესურსებითა და რუსეთთან კავშირებით, ვიქტორ ბაბარიკო უკვე მიიჩნევა წინასაარჩევნო ბრძოლის ფავორიტად, რაც რამდენიმე ინტერნეტგამოკითხვამ დაადასტურა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკა, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, გამარჯვების შემთხვევაში მეექვსე ვადით დაიკავებს სახელმწიფო მეთაურის პოსტს.

ალექსანდრ ლუკაშენკა 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. 2001, 2006, 2010 და 2015 წლებში - მისი მმართველობის განმავლობაში - ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

XS
SM
MD
LG