Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პარლამენტმა ნებართვა გასცა გაგიკ წარუკიანის დაპატიმრებაზე


წარუკიანის მომხრეთა დაკავება ერევანში
წარუკიანის მომხრეთა დაკავება ერევანში

სომხეთის პარლამენტმა 16 ივნისს ფარული კენჭისყრის დროს სამართლადამცავ ორგანოებს დეპუტატ გაგიკ წარუკიანის დაპატიმრების ნებართვა მისცა.

მანამდე სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ დეპუტატის ხელშეუხებლობა ჩამოართვა ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, რომელსაც პროკურატურა ბრალს დებს გადასახადების დამალვას და ამომრჩევლების მოსყიდვაში, რასაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.

პარლამენტში კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა გაგიკ წარუკიანი, რომელმაც მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო ბრალდებას-შეთითხნილი. წარუკიანმა კვლავ გაიმეორა, რომ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანა გამოუვალ კრიზისამდე მიიყვანა და იგი მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს.

იუწყებიან, რომ პარლამენტში გამოსვლის შემდეგ გაგიკ წარუკიანი სომხეთის უშიშროების სამსახურში მივიდა დაკითხვაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

სომხეთის მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ წარუკიანმა მას შემდეგ დაიწყო მთავრობის კრიტიკა, რაც შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული პროცესუალური ღონისძიებები.

სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სამართლებრივ დევნას ახლავს ვნებათაღელვა. გასულ კვირაში სომხეთის პოლიციამ ერევანში, საპროტესტო აქციის დროს დააკავა პარლამენტის წევრის, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის 250 მხარდამჭერი.

დაკავებულები სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის ორგანიზების და ძალადობის მუხლებით.

პოლიციამ სომხეთის პარლამენტის წინ დღესაც დააკავა დეპუტატ წარუკიანის რამდენიმე მომხრე.

სომხეთის პოლიციაში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გამო 16 მარტიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში მასობრივი შეკრებები აკრძალულია.

XS
SM
MD
LG