Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: საქართველომ დღეს კიდევ დაამტკიცა რომ აქვს სტაბილურობის დაცვის ბერკეტები


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს.

„ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან”, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული. როგორც პრეზიდნეტი ამბობს, დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.

„მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა”, - დაამატა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

სუს-ის 15 ივნისის განცხადების თანახმად, ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

15 ივნისს, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე.

არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG