Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: 20 ივნისს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება


„პირველ არხთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ილაპარაკა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ ჩატარების შესაძლებლობაზე.

„ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება, რომ 20 ივნისისთვის თბილისი შეიძლება ჩაიკეტოს. სასაცილოა. ეპიდემიის ადაპტაცია მოვახდინეთ და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწორად ვმართოთ. არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ან რაღაც ჩაიკეტოს, არ არსებობს. ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, - ამბობს გახარია.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG