Accessibility links

გახარიას მთავრობა: გავრილოვის აჩრდილი და შეკითხვები


საზოგადოებას სილა გააწნეს, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების ძალისმიერი შენარჩუნების გეგმაზე გადავიდა და კიდევ ერთხელ გადადგეს რუსეთისთვის მოსაწონი ნაბიჯი - ასეთია ოპონენტთა ძირითადი შეფასებები გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენის კვალდაკვალ.

ასევე საგანგებო ყურადღებას იპყრობს ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში - რას ემსახურება ირაკლი ღარიბაშვილის გამინისტრება და დასავლეთისგან მხარდაჭერილი, წარმატებულად აღიარებული ლევან იზორიას შეცვლა?

გავრილოვის ხსენება

3 სექტემბერს, როცა შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა. კერძოდ, მან თქვა:

  • ჟურნალისტები და საზოგადოება კარგად იცნობს გიორგი გახარიას;
  • მან ღირსეულად დაიმსახურა პრემიერ-მინისტრობა საკუთარი მოღვაწეობით - ბიზნესომბუდსმენის, ეკონომიკის მინისტრისა და შს მინისტრის რანგში.

ძალიან მოკლე იყო თავად გახარიას გამოსვლაც. მან თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი მცირე ცვლილებები „გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია“. დაგეგმილი ცვლილებებიდან მან მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები გამოყო:

  • შს მინისტრის პოსტს დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ვახტანგ გომელაური;
  • თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კი დაიკავებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს.

ცვლილებების გამოცხადებას მალევე მოჰყვა ხმაურიანი საპროტესტო აქციები და დაძაბულობა - პარლამენტის სხდომათა დარბაზში, დერეფნებში თუ პარლამენტის შენობის წინ.

აქცია „სირცხვილიას“ აქტივისტებმა სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს დეპუტატებს, შემდეგ კი - შეძახილებითა და სასტვენებით გამოხატეს მწვავე პროტესტი. ასევე მოიქცნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები და შემდეგ დატოვეს სხდომათა დარბაზი; ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად საერთოდ არ შევიდა საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე.

ოპონენტთა შეფასებები ერთმნიშვნელოვანი და მწვავეა:

  • „გავრილოვის ღამის“ მთავარ ანტიგმირს, გიორგი გახარიას, რომლის მხრებზეც არის ადამიანების დასახიჩრება და თვალების დათხრა, არა აქვს უფლება იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
  • ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნებამ“ გახარიას გაპრემიერების გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებიც უკვე ორ თვეზე მეტია, აქცია „სირცხვილიას“ ფარგლებში მოითხოვდნენ გახარიას გადაყენებას შს მინისტრის პოსტიდან;
  • ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ მესიჯი გაუგზავნა მოსკოვს, რომ აწინაურებს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ 20 ივნისს ქუჩაში გამოსული ადამიანების სამაგალითოდ დამსჯელ შს მინისტრს;
  • ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება „ქართულ ოცნებას“, რადგან ხალხის პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც რუსულენოვანი მედია იუწყება, მომავალ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას თავად სერგეი გავრილოვის იმედებიც უკავშირდება.

20 ივნისს თბილისიდან ხალხის პროტესტის კვალდაკვალ გაძევებულ კომუნისტ დეპუტატს იმედი აქვს, რომ ახალ „საქართველოს მთავრობის ახალ მეთაურს, პრეზიდენტისგან დამოუკიდებელს, ეყოფა სიმამაცე აწარმოოს გულახდილი დიალოგი რუსეთთან - თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“.

რუსულ გამოცემასთან გავრილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ივნისში, თბილისში განვითარებული მოვლენების დროს გიორგი გახარია ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა. რუსი დეპუტატის განცხადებებს 3 სექტემბერს ხშირად ახსენებდნენ ოპონენტები იმის დამატებით დასტურად, რომ გახარიას დაწინაურება მოსკოვისთვის მოსაწონი ნაბიჯია.

„არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა მედიამ მისი შეფასებები აიტაცოს და წარმოადგინოს, როგორც აუცილებელი საპასუხო კომენტარი", - თქვა ოპონენტთა საპასუხოდ უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.

გიორგი გახარიას გაპრემიერების გამო გამწვავებული პროტესტის ფონზე 3 აგვისტოს, პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ არაერთმა დეპუტატმა განმარტა, რომ არ არსებობს „გავრილოვის ღამე“, როგორც მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ღამე, რადგანაც ეს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ღამე“ იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ახალი ტერმინის დანერგვაც სცადა. მან თქვა, რომ გიორგი გახარიამ „გავრილოვის რევოლუცია“ აღკვეთა.

  • ვუსამძიმრებ „ნაციონალური მოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით, რომ გავრილოვის რევოლუცია არ შედგა;
  • ამ არშემდგარმა რევოლუციამ გამოიწვია მათი ისტერიკა;
  • „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქციებით ვერ მიიღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ (გიორგი გახარიას) ახალ მინისტრთა კაბინეტს ვინმემ გავრილოვის კაბინეტიც უწოდოს, რადგან რაც ხდება, არის შედეგი სწორედ სერგეი გავრილოვის დასმისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა, გიორგი ბადრიძემ - „გავრილოვი თავზე დაგვასვა ქართულმა ოცნებამ“.

ბადრიძე ფიქრობს, რომ სამთავრობო ცვლილებები მომავალი არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება:

  • „ვიღაცამ ბატონი ბიძინა დაარწმუნა, როგორც ჩანს, იმაში, რომ უნდა იყოს განსაკუთრებით ხისტი“;
  • „ის (ივანიშვილი) მის მიმართ კრიტიკულ ადამიანებს, ზღვა ხალხს, არ განიხილავს თავის ხალხად და ემზადება მათთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის, რომლის კულმინაციაც მას წარმოუდგენია 2020 წლის არჩევნებზე“;
  • „მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება ძალისმიერი მეთოდებით“.

რატომ გახარია და რატომ სხვები?

„ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების ხისტ გეგმაზე გადავიდა... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მზადება არჩევნებისთვის და განაცხადი საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლება არ არის ანდა აღარ არის „უნიათო“, როგორადაც მას მოიხსენიებდნენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

მისი შეფასებით:

  • ხელისუფლებას სჭირდება ადამიანები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას მათ შორის - სხვების მაგივრადაც;
  • ფაქტია, რომ გიორგი გახარიამ თავის თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო;
  • იმდენად ნაცრისფერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი, რომ თითოოროლა ფიგურის გამორჩევაა შესაძლებელი და ასე გამოიკვეთა გიორგი გახარიას ფიგურაც.

ახალი პრემიერისგან და ძალოვანი სტრუქტურების ახალი ხელმძღვანელების მხრიდან „მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას“ მოელის "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდიაც.

ის ფიქრობს, რომ ძალიან მძიმე არჩევნების წინ „ქართულ ოცნება“ თავის იმედებს ამყარებს მისადმი ერთგულ და ხისტ ფიგურებზე. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, გიორგი გახარიას მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნაჩვენები შედეგები. თუმცა, აქუბარდიას აზრით, გახარია ტვირთად დააწვება „ქართულ ოცნებას“ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო.

  • „არჩევნების მოგება ზუგდიდში პრაქტიკულად შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ უზრუნველყო... ის დახელოვნებულია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაში“;
  • „მეორე მხრივ, ის (გახარია) არის დაკავშირებული ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ და საზოგადოების ძლიერ პროტესტთან რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, რაც გაზრდის საზოგადოების უკმაყოფილებას მთლიანად „ქართული ოცნების“ მიმართ“.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგულებას, როგორც საკადრო ცვლილებების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, ბევრი ანალიტიკოსი უსვამს ხაზს.

ისინი ამბობენ, რომ ერთგულებას ვერავინ დაუწუნებს ვერც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პოსტიდან ბიძინა ივანიშვილისთვის მოსაწონი ფორმით წასულსა და შემდეგ მისივე ნებით პარტიაში პოლიტიკურ მდივნად დაბრუნებულ ირაკლი ღარიბაშვილს და ვერც ვახტანგ გომელაურს, რომელიც ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის უფროსიც იყო.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2015 წელსაც, როცა მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა.

„დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს ღარიბაშვილი შს მინისტრად უნდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა ამ მიმართულებით და ამიტომ ვერ დატოვეს მთლად ისე და ნიშნავენ თავდაცვის მინისტრად“, - ასეთია ვახტანგ ძაბირაძის ვერსია.

ლევან იზორიას, რომელიც ცვლილებების გამოცხადების შემდეგ, ამჟამად ჯერ ისევ თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებს, უშიშროების საბჭოს მდივნად უპირებენ გადაყვანას. თუმცა ამ მოცემულობით ეს შეუძლებელია “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

  • თუკი იზორია არ იქნება მინისტრი, ვერ იქნება საბჭოს მუდმივი წევრი და შესაბამისად, ვერ გახდება საბჭოს მდივანი;
  • მინისტრების გარდა, საბჭოს მდივნობა შეუძლიათ საბჭოს სხვა მუდმივ წევრებს, მაგალითად - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსსა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს.

3 სექტემბრის ბრიფინგზე გიორგი გახარიას არაფერი უთქვამს ამის შესახებ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ლევან იზორია ასევე დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

რატომ ცვლიან თავდაცვის მინისტრს?

ლევან იზორიას სამინისტროს წარმატებებს მუდმივად აღნიშნავდა „ქართული ოცნება“ და ასე მოხდა 3 სექტემბერსაც, პარლამენტის სხდომაზე.

მართალია, ირაკლი სესიაშვილს ლევან იზორია არ უხსენებია, მაგრამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლაში ოპონენტების გასაგონად ჩამოთვლილი მიღწევები დიდწილად სწორედ იზორიას უწყებას მიეწერება:

  • საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნული სწავლება - „მტკიცე სული 2019“ მკაფიო გამოხატულება იყო, თუ როგორი მზარდია ჩვენი თავსებადობა ნატოსთან;
  • მაშინ, როცა ამ წვრთნებში 12 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა, სწორედ რომ მმართველ რგოლში გახლდნენ ქართველი სამხედროები;
  • საამაყოა, რომ ჩვენი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატოს წევრი ქვეყნები სრულიად პროფესიონალურ დონეზე ენდობიან ჩვენს სამხედროებს;
  • ეს არის ჩვენი სიამაყე და თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგი და ამას უნდა მივესალმოთ.

ლევან იზორია რომ შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობდა, ეს ცნობილია ანალიტიკოსებისთვისაც.

„იზორიას ზურგი იყო ამერიკული მხარდაჭერა, მას მოსდიოდა მადლობის წერილები და ამას ყოველთვის უსვამდა ხაზს ამერიკული მხარე, საქართველოში ჩატარებული არაერთი მასშტაბური სამხედრო სწავლების ფარგლებში “, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია, რომლის დაკვირვებითაც, ასეთივე პროგრესი შეინიშნებოდა ნატოსთან თანამშრომლობის კუთხითაც.

ამასთან, აქუბარდია იხსენებს:

  • ლევან იზორიას რუსეთის მიმართ ჰქონდა ისეთი რიტორიკა, რომელიც შეეფერება რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს;
  • ლევან იზორია არ დაეთანხმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოსაზრებას ამერიკული ბაზების საქართველოში განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან იზორიას მისამართით მედია ხშირად საუბრობდა სავარაუდო კორუფციის ფაქტებსა და პრემიების დარიგების მანკიერ პრაქტიკაზე, ნიკა ჩიტაძისთვის ცხადია, რომ იზორიას რიტორიკა და ქმედებები სრულად შეესაბამებოდა ქვეყნის დასავლურ კურსს.

შესაბამისად, ანალიტიკოსს ეჭვებს უჩენს ლევან იზორიას ჩანაცვლება ირაკლი ღარიბაშვილით, რომელიც სრულად იზიარებს „ქართული ოცნების“ რიტორიკას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„იზორიას ჩანაცვლება არ იყო აუცილებლობა, თუკი ქვეყანა არ იცვლის საგარეო-პოლიტიკურ კურსს ანდა არ არბილებს პოლიტიკას რუსეთის მიმართ... ივანიშვილს ძალოვან სტრუქტურებში სჭირდება ადამიანები, რომლებიც შედარებით ლოიალურები არიან რუსეთის მიმართ “, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

იმის გამო, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, მაისის შემდეგ არცერთი შეხვედრა აღარ გაუმართავს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მის მდივნობას „ქართული ოცნებისთვის“ უმნიშვნელო პოსტად თვლის თეონა აქუბარდია, რომელიც ერთ დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო. შესაბამისად, ის თვლის, რომ იზორია გვერდზე გასწიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG