Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: მიუღებელია პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება რუსეთის საპატრიარქოს მიერ


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს თანახმად, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია პარიზში გეგმავს დააარსოს ქართული სამრევლო, რაც მისთვის მიუღებელია და სათანადო კომუნიკაციის არარსებობის შედეგად მიიჩნევს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მიმართა რუსეთის ეკლესიის დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსოს მმართველს, დუბნინის მიტროპოლიტ იოანეს.

წერილში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ პარიზში ქართული სამრევლოს გახსნის შესახებ ცნობილი გახდა ინტერნეტში გამოქვეყნებული ინფორმაციით. ამ ინფორმაციის მიხედვით, პარიზის ქართულ სამრევლოში პირველი წირვა 20 ივნისს გაიმართება, მის წინამძღვრად კი დაინიშნება ქართული წარმომავლობის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იერეთეოსი (მარგველაშვილი), რომელიც რუსული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფება.

საქართველოს საპატრიარქოს სახელით გაგზავნილ წერილში მიტროპოლიტი გერასიმე მიტროპოლიტ იოანეს სწერს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველებზე სულიერ მზრუნველობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახორციელებს, მათ შორის პარიზში, სადაც 2009 წლიდან არსებობს თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესია, საფრანგეთის 15 ქალაქში კი ყოველ შაბათს მორიგეობით ტარდება წირვები.

”ამიტომაც არქიმანდრიტ იეროთეოსის ხელმძღვანელობით ქართული სამრევლოს დაარსების სურვილი ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და მივიჩნევთ თქვენთან სათანადო კომუნიკაციის არქონის შედეგად", - წერს მიტროპოლიტი გერასიმე და გამოთქვამს იმედს, რომ გაუგებრობა დროულად აღმოიფხვრება და არ გახდება დაბრკოლების მიზეზი ურთიერთობებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG