Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები განალაგა ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მეამბოხეების ბაზების საიერიშოდ


თურქეთის სამხედროებმა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები განალაგეს ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მეამბოხეების ბაზების საიერიშოდ. თავდაცვის სამინისტრომ 17 ივნისს განაცხადა, რომ სპეცრაზმები რეგიონში საჰაერო გზით ჩაიყვანეს მოიერიშე ვერტმფრენებისა და შეიარაღებული დრონების მხარდაჭერით. ეს მანევრი ოპერაცია „ვეფხვის კლანჭის“ ნაწილია. ოპერაცია თურქეთის ტერიტორიიდან ხორციელდება ერაყში.

15 ივნისს თურქეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ქურთისტანის მუშათა პარტიის შტაბბინაზე კანდილში, ასევე ბაზებზე სინჯარსა და ჰაქურქში.

ამის პასუხად ერაყმა თურქეთის ელჩი გამოიძახა საპროტესტო ნოტის გადასაცემად.

როგორც ქურთული მედიასაშუალებები იტყობინებიან, 16 ივნისს ირანის არტილერიამ ქურთი მეამბოხეების პოზიციები დაბომბა ჩრდილოეთ ერაყში, ჰაჯი ომრანის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად. ვარაუდობენ, რომ ეს იყო თურქეთისა და ირანის ერთობლივი კოორდინირებული მოქმედების იშვიათი მაგალითი.

ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროპის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში აწარმოებს ომს თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქურთებისთვის მეტ უფლებებს მოითხოვს. ამ ბრძოლას დღემდე 40 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG