Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისს დაზარალებულთა სარჩელები - "დღეს მხოლოდ ვიწყებთ"


20-21 ივნისს დაზარალებულთა სარჩელები - "დღეს მხოლოდ ვიწყებთ"
please wait

No media source currently available

0:00 0:11:50 0:00

18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულმა სამმა პირმა - ერთმა ჟურნალისტმა და აქციის ორმა მონაწილემ: თამარ ბაღაშვილმა, ლექსო ჩანქსელიანმა და დავით შეყილაძემ.

18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულმა სამმა პირმა - ერთმა ჟურნალისტმა და აქციის ორმა მონაწილემ: თამარ ბაღაშვილმა, ლექსო ჩანქსელიანმა და დავით შეყილაძემ. ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

საია-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში დაზიანებები ასეა აღწერილი:

„ჟურნალისტი 20-21 ივნისის მოვლენების ეპიცენტრში პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაზიანდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა მხარში, რის შედეგადაც მხრის ღია სისხლმდენი ჭრილობა და მარცხენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობა მიიღო. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ერთ-ერთი მოსარჩელე აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში რეზინის ტყვიები მაშინ მოხვდა, როდესაც აქციის დაშავებული/წაქცეული მონაწილეების დახმარებას ცდილობდა. თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანა, რამაც შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მორალურ ზიანთან ერთად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.

კიდევ ერთი მოსარჩელე ასევე რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა. მას ტყვია ქვედა ყბის არეში მოხვდა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, იგი დამატებით მკურნალობას მომავალშიც საჭიროებს. იგი ამ ეტაპზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს“.

საია-ს იურისტმა მარიკა დუმბაძემ რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა:

„მათ ტრავმას ვერანაირი ანაზღაურებით ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ დაიწყოს პასუხისმგებლობის აღება მსგავს ქმედებებზე.

...დგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ სახელმწიფოს ქმედებების და გარკვეულწილად უმოქმედობის გამო ამ ადამიანებმა მიიღეს ზიანი და სრულიად გაუმართლებლად არაპროპორციული ზომები იქნა გამოყენებული მათ მიმართ.

ბევრი მათგანისთვის მიყენებული ზიანი არის განგრძობადი ხასიათის და შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე (გვაქვს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია) გამოუვლინდეთ ახალი საჭიროებები. ისინი გადიოდნენ მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, იცვლებოდა დიაგნოზი. ზოგიერთ მათგანს საერთოდ 6 თვის შემდეგ დასჭირდა მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა, რამაც გააუარესა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის მორალური მდგომარეობა“.

მარიკა დუმბაძის თქმით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში საია გეგმავს სხვა პირების სარჩელებითაც მიმართოს სასამართლოს. ორგანიზაციას რამდენიმე ათეულმა პირმა მიმართა, ვინც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდა:

„დღეს, ერთი წლის თავზე საია მიმართავს სასამართლოს, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში საია აქტიურად ცდილობდა მათი უფლებების დაცვას: ეს ეხება დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებულ საკითხებს. რამდენიმე ადამიანია ცნობილი დაზარალებულად, თუმცა ძალიან ბევრი არ იქნა ცნობილი დაზარალებულად პროკურატურის მიერ და შემდგომ სასამართლომაც გაიზიარა ეს პოზიცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასამართლო ექსპერტიზა და ამ დასკვნის მოლოდინში არიან საგამოძიებო უწყებები.

რაც შეეხება ჩვენს მიმართვას, დღეს მხოლოდ ვიწყებთ და ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დღევანდელი მიმართვით შემოვიფარგლებით. ძალიან აქტიური ორი თვე გველოდება, რადგან ეტაპობრივად შევიტანთ სარჩელებს, დოკუმენტები მუშავდება, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს. ამის გარდა, ამ საქმეებში არსებობს სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ძალიან ბევრი მტკიცებულება, სადაც წერია რა დაზიანებები მიადგათ მათ. ყველას ტრავმა არის ინდივიდუალური. ბევრი მათგანის დაზიანება არის თვალსაჩინო.

საქმეების შერჩევა რაიმე ნიშნით არ მომხდარა - ვისი დოკუმენტაციაც დროში წინ უსწრებდა მომზადების კუთხით, მათი სარჩელები შეგვაქვს. შეიძლება ერთ კვირაში მორიგი სარჩელი შევიტანოთ. დამოკიდებულები ვართ, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებზე, ნოტარიულად დოკუმენტების დამოწმებაზე და ა.შ. მორიგი თვეც ამ კუთხით იქნება აქტიური და დატვირთული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG