Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის ოთხი რაკურსი


ყველაფერი 2019 წლის 20 ივნისის დილას, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

სწორედ ის უძღვებოდა სხდომას, რომელშიც 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა და რომლის თბილისში ჩატარებაც უმრავლესობის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მონდომებითა და ინიციატივით დაიგეგმა.

გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სიტყვიერად დაგმეს, მაგალითად, ასე:

„ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“, - ამბობს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო ოპოზიცია კი მოქმედებაზე გადავიდა. მათ პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს და განაცხადეს, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი, პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ასეც მოხდა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. რამდენიმე საათში, სერგეი გავრილოვი სასტუმროდან დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს.

გავრილოვმა სასტუმრო საპროტესტო შეძახილებისა და ტრანსპარანტების ფონზე დატოვა - „რუსეთი ოკუპანტია“, „არა ოკუპაციას“, „ძირს პუტინი“, „ძირს გავრილოვი“ ... რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ხილვით აღშფოთებულმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე დაიწყეს შეკრება.

ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19 საათისათვის დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს.

ოპოზიციის ლიდერები მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და მათ ერთსაათიან ვადას აძლევენ.

22 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია რთულდება. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის კიბეებისკენ ინაცვლებს. პარლამენტის შენობა სპეცრაზმელებითაა გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები ცრემლსადენ გაზს უშვებენ. იწყება დემონსტრანტთა დაშლა. ისვრიან რეზინის ტყვიებს.

არიან დაშავებულები. არიან დაკავებულები. არიან თვალდაკარგულები.


20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცავი.

21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

გიორგი გახარია სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა, ნოემბერში გაქარწყლდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

ელენე ხოშტარიას თვალსახვევი და „მოპარული“ დროშა

დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დროშა, რომელიც 20 ივნისს, პარლამენტის დარბაზში მხრებზე ჰქონდა შემოხვეული, კოლეგას, გიგი წერეთელს „მოჰპარა“.

დროშაშემოხვეული ელენე ხოშტარია დგას პარლამენტის დერეფანში გიორგი კანდელაკსა და სერგო რატიანთან ერთად და ყვირის, „სად არის გავრილოვი, რომელიც ამ ქვეყანას დაასვით თავზე? ფეხს ვეღარ შედგამს პარლამენტის დარბაზში! სად არის გავრილოვი?“

ბუნდოვნად ახსოვს 20 ივნისს, სახლიდან გამოვლილი გზა პარლამენტამდე. ერთადერთი, რაც მკაფიოდ ახსოვს, ეს არის ტელევიზორში ნანახი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ბრაზი:

„ემოცია მახრჩობდა, მეგონა ვერ ვსუნთქავდი. მახსოვს, რომ ისე ვჩქარობდი სახლიდან გამოსვლას, ჩაცმასაც ვერ ვახერხებდი. მანქანა რომ დავძარი, საჭეს ვექაჩებოდი, სხეულის ძალით ვაწვებოდი, თითქოს უფრო ჩქარა წავიდოდა. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. საკუთარ თავზეც ვბრაზობდი. მქონდა იმის განცდა, რომ მეც ხომ პარლამენტის წევრი ვარ, გასაგებია, რომ „ოცნებაა“ მთავრობაში, მაგრამ მეც ხომ მეკისრებოდა პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა. პარლამენტში რომ შევედი, წარმოვიდგინე, როგორ ვუფრიალებ რუს დეპუტატს საქართველოს დროშას და ჩემს მეგობარს, თაკო კაკაბაძეს ვთხოვე, დროშა მიპოვე-მეთქი. სულ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ის დროშა, რომელიც მე 20 ივნისს მქონდა შემოხვეული, თურმე გიგი წერეთლის კაბინეტიდან ჩამოუხსნიათ“.

დღეს, როდესაც 2019 წლის 20 ივნისიდან ზუსტად 12 თვეა გასული, ელენე ხოშტარია თვლის, რომ იმ დღეს დაწყებულმა პროტესტმა, რომელიც ახლაც გრძელდება, იმაზე დიდი შედეგი გამოიღო, ვიდრე ერთი წლის წინ ვინმეს წარმოედგინა. შემოტრიალების მომენტი - ასე უწოდებს ელენე ხოშტარია 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტს:

„პირველი - ხალხმა დაიჯერა, რომ ძალა თითოეულ მოქალაქეშია. რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დაიცვას ქვეყნის ღირსება და თან მთელი მსოფლიოს წინაშე. ყველამ დაინახა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს სირცხვილი არ ჩაყლაპა, გამოვიდა და თქვა თავისი სათქმელი. ზუსტად ეს ქმნის ქვეყნის სახეს. ზუსტად ეს აჩვენებს მსოფლიოს, რა იდენტობის ხარ, შენ ხარ ქვეყანა, რომელსაც გაგთელავენ, თუ ქვეყანა, სადაც ხალხი ღირსებას იცავს. მეორე - ხალხმა დაიჯერა იმ ძალის, რომელსაც ცვლილებები შეუძლია. საკმაოდ დიდხანს გაგვიგრძელდა აპათიური პერიოდი, რომ თითქოს არაფერს აქვს აზრი, რომ თითქოს არაფერი გამოვა, 20-მა ივნისმა კი ხალხში ენერგია გააცოცხლა, რომ გამოვა თუ არ გამოვა, ეს ყველაფერი სწორედ ჩვენზე, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული და ეს უმნიშვნელოვანესი ძალაა დემოკრატიის საცოცხლებლად და განსავითარებლად. და მესამე - პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლო განსხვავებების გვერდზე გადადება და კონსოლიდირება მთავარზე. ესეც იშვიათია ჩვენს ისტორიაში. მე სულ მეშინია, რომ ბოლოს მაინც კინკლაობად არ გადაიქცეს ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ საკმაოდ წრფელი პოლიტიკური პროცესი წარიმართა. გასაგებია, რომ ვიღაც მოგწონს, ვიღაც არ მოგწონს, ვიღაცის აზრი სრულიად მიუღებელია შენთვის, მაგრამ მთლიანობაში, პოლიტიკურმა სპექტრმაც და საზოგადოებამაც მთავარზე კონცენტრირება მოახერხა და მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის ძალიან დიდი შანსი, რომ ვიზრდებით, როგორც დემოკრატია“.

20 ივნისიდან ერთი წლის თავზე, ელენე ხოშტარია დარწმუნებულია, რომ საბჭოთა კედელს, რომელიც ბოლომდე დანგრეული არ არის, საზოგადოების პროტესტმა ერთი დიდი ნატეხი ჩამოამტვრია, თუმცა, ის, თუ როგორ დასრულდება პროცესი, მისი თქმით, ამას მომავალი არჩევნები აჩვენებს:

„ჩვენი ამოცანა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წასვლა არ არის. ჩვენი ამოცანაა, რომ აღარასდროს ჰყავდეს ქვეყანას თავგასული ხელისუფლებები. 20 ივნისს ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამოიტანა თავისი გაკვეთილი. ყველამ დავინახეთ, რომ ხალხს შენი დასჯა შეუძლია. თუკი ჩვენ მთელი ამ პროცესის შედეგად მივიღებთ დაბალანსებულ ხელისუფლებას ნებისმიერი კომპოზიციით (მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ კონკრეტული პარტია და კონკრეტული ინტერესი მაქვს), ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი საბჭოთა წარსულიდან დემოკრატიისკენ“.

უკვე ერთი წელია, ელენე ხოშტარია არავის უნახავს წითელი თვალსახვევის გარეშე, რომელიც ყელზე ჰკიდია. ამბობს, რომ ეს თვალსახვევი ღამეც უკეთია. რომ ეს თვალსახვევი მასაც და სხვასაც ახსენებს, რომ 20 ივნისის ღამეს ადამიანებმა თვალები დაკარგეს და რომ ამისათვის პასუხი ჯერ არავის უგია:

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ღამეს მაკო გომურმა თვალი დაკარგა და არავინ დასჯილა, რომ კობა ლეთოდიანმა, რომელიც ცალი თვალით აფხაზეთის ომში დაბრმავდა, მეორე თვალში სინათლე 20 ივნისის ღამეს დაკარგა. ამაზე ჯერ პასუხი არ არის გაცემული, ეს საკითხი არ დახურულა და და სანამ ეს ქვეთავი არ დაიხურება, მე ეს თვალსახვევი მჭირდება. ეს უკვე ჩემი ჩვევაც არის, სიმბოლოც და თილისმაც“.

თამარ ჩუგოშვილი - ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა დავრწმუნდი, რომ შეგნებულად აშავებდნენ

„ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის, პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა“, - ეს პოსტი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილმა პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა 20 ივნისს, სტამბოლის აეროპორტიდან გამოაქვეყნა.

რამდენიმე თვის თავზე, ნოემბერში კი, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, „ქართული ოცნებაც“ დატოვა და პოსტიც.

20 ივნისის მოვლენებისა და მას შემდეგ განვითარებული პროცესის შესახებ ლაპარაკი მან რადიო თავისუფლებასთან წერილობით ამჯობინა. თამარ ჩუგოშვილი წერს, რომ 20-21 ივნისი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გასახსენებელი დღეებია:

„გავრილოვის პარლამენტში ხილვა, ეს იყო სრულიად მოულოდნელი და სრულიად მიუღებელი. იმ წუთებში, როდესაც ამ კადრებს სოციალური ქსელით ვუყურებდი, არც კი მიფიქრია, რას მოასწავებდა ეს ყველაფერი. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ისეთი რამ ხდებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ეს ასამბლეა ჩატარებულიყო. ამიტომ, როდესაც დაგეგმვა დაიწყო, სრულიად გამოვეთიშე საორგანიზაციო საკითხებს. მოგვიანებით ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ 20 ივნისი თავიდან აგვეცილებინა, თუმცა არ ვიცი, ალბათ, რაც არ უნდა გვექნა, ეს მაინც მოხდებოდა“.

თამარ ჩუგოშვილს არ ჰქონია განცდა, რომ 20-21 ივნისის მოვლენები „გამიზნულად ჩადენილი ქმედებების“ შედეგია. ის თვლის, რომ პროცესი შეცდომების კასკადის თანხლებით წარიმართა:

„ჯერ ასამბლეის გამართვა და შემდეგ უკვე საპროტესტო აქციის მართვა, თუ ვერ მართვა. ჩემსა და ჩემს გუნდს შორის ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა დავრწმუნდი, რომ შეგნებულად და მიზანმიმართულად აშავებდნენ და თან იტყუებოდნენ. მე მმართველი გუნდიდან 20 ივნისს არ წამოვსულვარ, დავრჩი და ყველანაირად ვეცადე ის სიტყვა შესრულებულიყო, რომელიც საზოგადოებას და პარტნიორებს ივნისში მივეცით. თუმცა 20 ივნისს დადებული სიტყვის გატეხვის შემდეგ, იქ ვეღარ დავრჩებოდი. შეცდომა ყველას მოსდის, მთავარია, რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს შეცდომა გამოასწორო. შეცდომის გამოსასწორებლად მმართველმა გუნდმა ორი დაპირება გასცა, რომ ის პოლიციელები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს, დაისჯებოდნენ და რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა შესრულდებოდა. ორივე დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. არც გამოძიება წარიმართა სამართლიანად და არც საარჩევნო სისტემა შეიცვალა. ყველა ხელისუფლებას ერთი და იგივე ემართება, ჰგონიათ, რომ მთავარია კრიზისი გადააგორო და მერე ყველას ყველაფერი ავიწყდება. ასე მოიქცა ჩემი ყოფილი გუნდიც“.

შაკოს პლაკატების განსხვავებული გზავნილები - ვისთვის და რისთვის

ანტისაოკუპაციო აქციებზე 27 წლის შაკო დემეტრაშვილი, ძაღლთან, სპარკისთან ერთად დადიოდა. მისი პლაკატების ამოცნობა ყველა სხვა ასობით პლაკატში იყო შესაძლებელი. გზავნილები, რომლებიც შაკოს პლაკატებზე ეწერა, ერთი შეხედვით, სასაცილო იყო. თუმცა, შაკო ამბობს, რომ ამ სახუმარო პლაკატების მიღმა, სერიოზული ჩანაფიქრი იდო.

„ჩემი ძაღლიც კი რეაგირებს სახელზე, ჩვენს მთავრობას რა დაემართა?“, „დღეს ჩემი დის დაბადების დღეა და აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვაჩუქო მშვიდობა და თავისუფლება. გილოცავ ელენე!“...

რატომ წერდა შაკო ამ შინაარსის პლაკატებს? იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა:

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანისგან მოდიოდა ამ აქციებზე ნეგატიური ტალღა, ხან რა ეპითეტით მოგვიხსენიებდნენ და ხან რა... ამ პლაკატებით მინდოდა, მეჩვენებინა, რომ იქ ვიდექით ადამიანები, რომლებიც ვიყავით სრულიად აპოლიტიკურები და მხოლოდ ის გვინდოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა, სადაც ყველა იქნებოდა თავისუფალი, თანასწორი და ბედნიერი. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ მოგვცემოდა შანსი, გვეცხოვრა სრულიად დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანაში“.

დღეს შაკო დარწმუნებულია, რომ ანტისაოკუპაციო აქციებმა ხელისუფლებას და, ზოგადად, საზოგადოებას დაანახა, რომ ახალგაზრდების პროტესტს ძალა აქვს, თუმცა, ამასთანავე, შაკომ ისიც დაინახა, რომ საზოგადოებას სიახლეების ეშინია:

„არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პოზიტიური სიახლე თუ ნეგატიური. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ჩემთვის ის, რომ 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდა ჩვენი ერის მცირე ნაწილი, არადა, მქონდა მოლოდინი, რომ რუსთაველზე გაცილებით მეტი ადამიანი უნდა მდგარიყო, რადგან იქ დასახიჩრდნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ზურგით უნდა ატარონ ეს ქვეყანა. მე ერთი თხოვნა მაქვს უფროს თაობასთან, მეტად გვენდოს მომავალ თაობას, ყველა თაობა ერთ აზრზე ვიდგეთ, გვქონდეს ერთი მიზანი და ეს მიზანი იყოს უკეთეს, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება“.

მაკა ანთიძე - გული მწყდება, რომ თავიდანვე არ ჩავიცვით ჯავშანჟილეტები

მაკა ანთიძე, „როიტერსის“ ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში, ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელიც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველზე დაშავდა. პარლამენტის კიბეების თავზე იდგა, როცა ზურგში ფილის ნატეხი მოხვდა და ნეკნი დაუზიანდა.

ოპერატორთან ერთად, მაკა რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა პარლამენტის წინ და „როიტერსის“ მთავარ ოფისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

სამუშაო სივრცე, ანუ ტერიტორია, საიდანაც უკეთ შეძლებდნენ მოვლენების აღწერას, თავიდანვე შეარჩიეს - პარლამენტის შენობის ერთ-ერთი პიედესტალი.

იმაზე სწყდება გული, რომ წინასწარ ვერ გათვალეს და აქციაზე ჯავშანჟილეტებით არ წავიდნენ. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს, მოვლენების ამგვარ განვითარებას არც არავინ ელოდა.

ბევრი წელია მაკა საპროტესტო აქციებს აშუქებს და არა მხოლოდ საქართველოში. 20 ივნისის აქციიდან ერთი წლის თავზე, მაკა ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური გზით დაშლილი აქცია, რაც კი მას გაუშუქებია:

„უამრავი აქცია გაგვიშუქებია როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში, უკრაინაში, სომხეთში. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური იყო. საპროტესტო აქციების გაშუქების ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ თუკი მოსალოდნელია აქციის დაშლა ან დარბევა, სრული ეკიპირებით მივდივართ, მიგვაქვს გაზის საწინააღმდეგო ნიღბები, ჯავშანჟილეტები და ა.შ. თუმცა, იმ საღამოს ეკიპირება არ წავიღეთ. დღესაც ვფიქრობ, რომ გადასაღებად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი შევარჩიეთ, მოვლენებს შემაღლებული ტერიტორიიდან ვადევნებდით თვალს, იქვე იყო პოლიციის კორდონი, ძირითადი გამომსვლელები, აქციის მონაწილეთა პირველი ხაზი“.

დღეს მაკა თვლის, რომ გზა, რომელიც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად აირჩიეს, იყო არაპროფესიონალური. მისთვის ახლაც გაუგებარია, რატომ გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები:

„თუკი გაქვს დავალება, რომ პროტესტი უნდა დაშალო, ამის ერთ-ერთ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო საშუალებად ცრემლმდენი გაზი ითვლება. თუმცა, რატომღაც სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ დემონსტრანტები რეზინის ტყვიებით უნდა დაეშალათ. აბსოლუტური შოკი იყო, როდესაც დავინახე, როგორ ესროდნენ სამართალდამცავები დემონსტრანტებს ტყვიებს დამიზნებით. მათთან საკმაოდ ახლოს ვიდექი და ვხედავდი, როგორ უმიზნებდნენ ტყვიებს, რაც ძალიან არაპროფესიონალური ქმედებაა პოლიციის მხრიდან“.

20 ივნისის ღამეს, მაკამ ისიც დაინახა, როგორ ესროლა სამართალდამცავმა ჟურნალისტს რეზინის ტყვია:

„ნამდვილად დამიზნებით ესროლეს ჟურნალისტს. არ ვიცი, ეს როგორ უნდა ავხსნა. არ მინდა მეგონოს, რომ იყო განკარგულება, ესროლეთ ჟურნალისტებსო. ეს სრული აბსურდია. ყველას ხომ ვერ გააჩერებ“.

20 ივნისის აქციის დაშლისას 30-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ეს იყო აქცია, რომლის გაშუქებისას ყველაზე ბევრი ჟურნალისტი დაშავდა:

„პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეზინის ტყვია გამოიყენეს სამართალდამცავებმა. გარდა ამისა, ჟურნალისტებიც ვალდებულები ვართ, რომ თავს გავუფრთხილდეთ, რადგან, არცერთი ამბავი არ ღირს ჩვენს სიცოცხლედ და თავიდანვე მომზადებულები უნდა წავიდეთ ხოლმე, სწორად შევარჩიოთ სამუშაო ადგილი. მესმის, რომ მსგავსი რაღაცები გამოცდილებით მოდის, მაგრამ მე დღემდე ვსწავლობ. და ერთიც, ჩვენ არ ვართ ამბის მონაწილეები. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ამბავს ყვებიან“.

20-21 ივნისის საქმეზე სახალხო დამცველის შუალედური ანგარიშის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა, 20-21 ივნისის ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებულ იქნა:

  • 12 მმ კალიბრიანი თოფები, რომელიც მხოლოდ რეზინის ტყვიებისთვის იყო განკუთვნილი;
  • 38 მმ კალიბრიანი თოფები, რომლითაც რეზინისა და გაზის ტყვიების სროლა იყო შესაძლებელი;
  • 40 მმ კალიბრიანი თოფები, რომლითაც მხოლოდ გაზის ჭურვების სროლა იყო შესაძლებელი.

აქციის დაშლისას, რამდენიმე საათის განმავლობაში (დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე), განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმადვე, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებზე დაყრდნობით ჩანს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს (მინისტრსა და მის მოადგილეებს) არ გაუციათ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებმა, რომელთაც სამსახურებრივადაც და ადგილზეც დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა, გაისროლეს დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია, ხოლო დეპარტამენტის დირექტორს აღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად არავითარი საშუალებისთვის არ მიუმართავს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ „20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, მრავალი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიუხედავად, კვლავ შორსაა საქმეზე სრული სურათის შექმნისაგან. 3 ეპიზოდის ცალკე გამოყოფის, 3 პირის ბრალდებულად ცნობისა და 8 პირის დაზარალებულად ცნობის მიუხედავად, ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ პოლიციის რიგით თანამშრომლებზე ფოკუსირდება და არ არის მიმართული პოლიციის ხელმძღვანელთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისაკენ”.

XS
SM
MD
LG