Accessibility links

ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ "ფრონტერა"-სთან კომპრომისს


საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკულ კომპანია „ფრონტერა"-სთან კომპრომისის მიღწევას შეეცდებიან.

სამინისტრო ავრცელებს მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებას, რომ ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში და ყველა მთავარ საკითხზე, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

თვალაბეიშვილის თქმით, გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ დარჩა გარკვეული კითხვები, როგორც კომპანია „ფრონტერას“, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.

„ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა. ეკონომიკის სამინისტრო „ფრონტერას“ მოუწოდებს შეხვედრისკენ, რათა ეს საკითხები განიხილონ.

ამ განცხადებამდე, 22 ივნისს, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეხვდა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და მის მოადგილეებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ერთი მხრივ, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებზე გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის კონტრაქტიდან გამომდინარეობს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე „ფრონტერას“ კონტრაქტი შეუწყდა. გაზის და ნავთობის მომპოვებელი ამერიკული კომპანია საქართველოში, კერძოდ, დედოფლისწყაროსა და მარნეულში 1997 წლიდან მუშაობდა.

„ფრონტერა“ ზოგიერთ სხვა კომპანიასთან ერთად ნახსენებია ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს, თუ აშშ-ის ხელისუფლებისთვის გაგზავნილ არაერთ წერილში, როგორც საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითი.

ივნისის დასაწყისში კომპანია „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივ ნიკანდროსმა და კომპანიის პრეზიდენტმა ზაზა მამულაიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნეს წერილი, რომლის თანახმად, საქართველოში იზრდება ანტიამერიკული განწყობები, გაუარესდა საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, სასამართლო გამოყენებულია როგორც იარაღი და უპირატესობა ენიჭება სახელმწიფოს მიტაცებას.

სახელმწიფოს და "ფრონტერას" დაპირისპირების მიზეზებზე წაიკითხეთ აქ.

თავად "ფრონტერას" წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაუმართავთ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიას ბრალს სდებენ უფლებების დარღვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG