Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოს „პარტიზანული“ სხდომები


რუსთავის საკრებულო
რუსთავის საკრებულო

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული რეკომენდაციების შემსუბუქების მიუხედავად, რუსთავის საკრებულო აგრძელებს  საკითხების დახურულ სხდომებზე განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას.

რუსთავის თვითმმართველობის შენობის იმ ნაწილის შესასვლელ კარებზე, სადაც ადგილობრივი საკრებულოა განთავსებული, გამოკრულია გამაფრთხილებელი წარწერა: „მოქალაქეთა შესვლა არ შეიძლება“. შენობის ხსენებულ ნაწილში, განსხვავებით მერიისთვის დათმობილი ფლიგელისა, არც ჟურნალისტებს უშვებენ, რასაც უზრუნველყოფენ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ამბობენ რა, რომ მიღებული აქვთ ზეპირი მითითება, თანხმობის გარეშე შენობაში არავინ შეუშვან. კონკრეტულად ვისგან აქვთ მიღებული მითითება, ვერ დაასახელეს, ამიტომ რადიო თავისუფლებას პრესსამსახურთან დაკავშირება ურჩიეს. პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ითვალისწინებენ სამთავრობო რეკომენდაციებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ამავე მიზეზით, დღევანდელი, 23 ივნისის, სხდომაც საგანგებო რეჟიმში ჩატარდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არსებობს საკრებულოს შესაბამისი ოფიციალური გადაწყვეტილება და დასაბუთება.

რუსთავის საკრებულოს სხდომა
რუსთავის საკრებულოს სხდომა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის გამო ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ შეკრებას უძღვებოდა, სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკითხების დახურულ რეჟიმში განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ამჯერად თავად, ერთპიროვნულად, მიიღო და საბუთად ეპიდემიოლოგების განცხადებები მოიყვანა.

„დადგენილება და კანონი არაფერ შუაშია. შესაბამის რეკომენდაციებს ყოველდღე ვისმენ ეპიდემიოლოგებისგან, რომ [ეპიდემიის] ახალ ეტაპს ველოდებით... სხვადასხვა ქვეყანაში ხომ მოხდა [კორონავირუსის ახალი აფეთქება]?. ტელევიზორს არ უყურებთ? გამოდის გამყრელიძე, სხვა ეპიდემიოლოგები, [ეპიდემიის] ახალ ეტაპს ველოდებით და თავს გაუფრთხილდითო. მთელ მსოფლიოშია პანდემია. მე არ მინდა, საკრებულოს წევრები 15 დღით ისევ მოხვდნენ კარანტინში, თორემ დასამალი არაფერი გვაქვს, აქ არის პოზიციაც, ოპოზიციაც“, - თქვა დავით რეხვიაშვილმა. მან დასძინა, რომ საკრებულოს არც იმის საშუალება აქვს, ჟურნალისტებს სხდომის წინ ტესტირება უტაროს, რადგან თერმოსკრინინგი საკმარისი არ არის.

„საგანგებო მდგომარეობა თუ გაუქმდა, რატომ კრძალავენ, მაგალითად, ტაქსიში მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომას? 15 დღე რომ არ გავუფრთხილდით ერთმანეთს, ამიტომ ვიყავით კარანტინში“, - თქვა რეხვიაშვილმა, რომელმაც იგულისხმა მიმდინარე წლის მარტში მომხდარი ფაქტი, როცა რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი COVID-19-ით დაავადდა და ამის გამო საკრებულოს წევრები ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება საკრებულოს ასეთ რეჟიმში მუშაობა, დავით რეხვიაშვილმა უპასუხა, რომ „ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მდგომარეობა იქნება კორონავირუსის გავრცელების მხრივ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“. მან ჟურნალისტებს იქვე ურჩია, რომ თუ საკრებულოს მუშაობაში კანონდარღვევას ხედავენ, შეუძლიათ სასამართლოში იჩივლონ.

დღევანდელი სხდომის წინ რადიო თავისუფლებამ საკრებულოს რამდენიმე წევრს მიმართა კითხვით, იცოდნენ თუ არა, რომ სხდომები ჟურნალისტებისთვის დახურულია, და რა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით.

რუსთავის საკრებულო
რუსთავის საკრებულო

საკრებულოს უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციის „რუსთავის განვითარებისთვის“ წევრმა, კობა ჩალაძემ, თქვა, რომ არ იცის, რატომ არ აძლევენ ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების უფლებას, ან მუშაობს თუ არა წარმომადგენლობითი ორგანო დახურულ რეჟიმში.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით კაპანაძემ კი განაცხადა, რომ „საკრებულოს არც ერთ სხდომაზე დახურულ რეჟიმში მუშაობის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა“.
მან ხაზი გაუსვა საკრებულოს სხდომათა დარბაზის სიმცირეს, თუმცა, კაპანაძის თქმით, კანონში ცალსახად წერია, რომ სხდომები უნდა იყოს ღია.

„საკრებულოს წევრები ვიცავთ 2-მეტრიან დისტანციას. ისე კი, კარგი იქნება, თუ გამოიძებნება შესაბამისი ტერიტორია, სადაც დავეტევით ჩვენც და ჟურნალისტებიც“, - თქვა დავით კაპანაძემ. მან გაიხსენა საგანგებო მდგომარეობის დროს რუსთავის თეატრის დარბაზში ჩატარებული ერთ-ერთი სხდომა.

რუსთავის საკრებულოს სხდომა
რუსთავის საკრებულოს სხდომა

საკრებულოს დღევანდელი მუშაობის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლებამ ჰკითხა ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, დააყენეს თუ არა ღია სხდომების ჩატარების შესახებ საკითხი, რაზეც გვიპასუხეს, რომ ასეთი წინადადება არ დაუყენებიათ.

„სხდომები უნდა იყოს საჯარო. მთავარია, მედიაც ეპიდემიოლოგების მოთხოვნების შესაბამისად დავუშვათ და დაიცვან წესები, რომელსაც ვიცავთ ჩვენ, საკრებულოს წევრები. საუბარია დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებაზე“, - თქვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნანა შატბერაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი იურისტი, გიგა ჩიხლაძე, ამბობს, რომ ეპიდემიის მიზეზით საკრებულოს სხდომების დახურვა სამართლებრივად ბუნდოვანია და უფრო არაფორმალური გადაწყვეტილებაა.

„ჩვეულებრივ მოქმედებს თვითმმართველობის კოდექსი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება, რომლებიც საჯაროობის საფუძველია და დახურული სხდომისთვის აწესებს წინაპირობებს. ეს არის ისეთი საკითხის განხილვა, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა ტიპის არასაჯარო ინფორმაციას“, - თქვა გიგი ჩიხლაძემ. „სრულიად დაუშვებელია, როცა არაფორმალური გზით აწესებ მნიშვნელოვან შეზღუდვას და გვერდს უვლი მნიშვნელოვან საკანონმდებლო პრინციპს, საკრებულოს საჯაროობას“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის, თქმით, ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ამა თუ იმ დონის საჯარო დაწესებულებამ, ერთი მხრივ, საჯაროობა შეინარჩუნოს და, მეორე მხრივ, თავიდან აიცილოს კორონავირუსის გავრცელების რისკი. გიორგი მშვენიერაძემ ერთ-ერთ ასეთ საშუალებად სოციალურ ქსელებში საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება დაასახელა.

„მაგრამ როცა ამას არ აკეთებენ, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უწყებები ბოროტად სარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და მათი რეალური მოტივია არა COVID-19-თან ბრძოლა, არამედ საჯაროობისთვის თავის არიდება“, - თქვა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ.

როგორც თვითმმართველობის საკითხების ექსპერტმა მაგდა პოპიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანა განსაკუთრებულ ვითარებაში ცხოვრობს, ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომების საჯაროობა უნდა უზრუნველყოს.

„სხდომების ტრანსლირება მინიმუმ ონლაინრესურსებით უნდა მოხდეს, ან რუსთავის საკრებულომ, სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოთა მსგავსად, მონახოს დიდი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება დისტანციის დაცვით შეკრება“, - თქვა მაგდა პოპიაშვილმა.
მისივე აზრით, რამდენადაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და სახელმწიფო უწყებებიც გარკვეული წესების დაცვით მუშაობას უბრუნდებიან, რუსთავის საკრებულოს მიერ პანდემიის მიზეზით სხდომების საჯაროობის შეზღუდვა არაპროპორციული ნაბიჯია.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG