Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: აშშ რუსეთს „სერიოზულ საფრთხედ“აღიქვამს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ უფრო სერიოზულად მოეკიდონ თავიანთ უსაფრთხოებას, კერძოდ ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე მუქარებს.

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პომპეომ 25 ივნისს განაცხადა გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მიერ ორგანიზებულ „ბრიუსელის ფორუმზე“, რომელიც კორონავირუსის გამო ვიდეოკონფერენიციის სახით მიმდინარეობდა.

იმ დროს, როდესაც აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის პოლიტიკას განიხილავს, როგორც „სერიოზულ საფრთხეს“, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მაიკ პომპეოს აზრით, მოსკოვს სათანადო სიფრთხილით არ ეკიდება.

პომპეომ ამის მაგალითად დაასახელა გერმანიის მიერ თავდაცვისათვის გაღებული ხარჯი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებია. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ევროპა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის თავდაცვას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა ისიც, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა გერმანიის მონაწილეობით, გაზრდის ფედერაციული რესპუბლიკისა და მთელი ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას.

„გერმანიის ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად ღრმად და ფუნდამენტურად იქნება დამოკიდებული რუსეთზე, რომ ვლადიმირ პუტინს, რომელიც, სავარაუდოდ საკმაოდ დიდი ხნით დარჩება ხელისუფლებაში, შესაძლებლობა ექნება, რეალური შესაძლებლობა ექნება არსებითი ზიანი მიაყენოს გერმანიას, თუ იგი [პუტინი] ამის გაკეთებას გადაწყვეტს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

ამ განცხადების ფონია გერმანიის მისამართით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წინა დღით გამოთქმული კრიტიკა. 24 ივნისს, თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა რუსეთისათვის გაგზავნილ „ძლიერ სიგნალს წარმოადგენს“.

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთისათვის გაგზავნილ უფრო ძლიერ სიგნალს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ გერმანია რუსეთს უხდის მილიარდობით დოლარს, რათა მისგან ამ მილსადენის (იგულისხმება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“) მეშვეობით ბუნებრივი აირი შეიძინოს. მინდა ვიკითხო: რას ნიშნავს ეს? თქვენ მილიარდობით დოლარს ახარჯებთ რუსეთს და ჩვენ კი თქვენ უნდა დაგიცვათ რუსეთისგან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ს გაცილებით მკაცრი პოზიცია უკავია ჩინეთის მიმართ, ვიდრე ევროკავშირს.

ვაშინგტონი თვლის, რომ პეკინი ზრდის თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გავლენას მსოფლიოში, ძირს უთხრის არსებულ მსოფლიო წესრიგსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ავრცელებს ავორიტარიზმსა და კორუფციას. მაიკ პომპეოს აზრით, ჩინეთი ნეგატიურ გავლენას ახდენს ასევე ჯანდაცვის მსოგლიო ორგანიზაციაზე, რომელიც მრავალმხრივ რეფორმებს საჭიროებს.

XS
SM
MD
LG