გორში დაარბიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი. ჩამტვრეულია ოფისის ფანჯრები, ოთახში დამტვრეულია კომპიუტერები და სხვა ტექნიკა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ქრისტესიაშვილი დარბევას უკავშირებს წინასაარჩევნოდ პარტიის მეტად გააქტიურებას.
„გუშინ მოსახლეობას შევხვდით, დავარიგეთ გაზეთები და ბუკლეტები. ისეთი რაღეცეები წერია, რომ ბევრს ეს არ მოეწონებოდა. პოლიციამ უკვე საქმის კურსში ჩაგვაყენა და გვითხრა, რომ ამის გამკეთებელი წუხელისვე ჩაბარდა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ის ვინ არის, მაგრამ აუცილებლად შევიტყობთ“, - განაცხადა ქრისტესიაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში მომხდარი ფაქტის გამო, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული დ.შ. მას ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რაც ერთიდან სამ წლმდე პატიმრობით ისჯება.
შსს-ს განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა“.
ეს არ არის გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევის პირველი შემთხვევა. მსგავსი ფაქტები იყო ბოლო წლებში ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნების წინაც.