Accessibility links

სუს-ში დაბარებულები: ფეისბუკზე რამე თქვენც ხომ არ დაგიწერიათ?


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) COVID-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკის სავარაუდო გაყალბების საქმესთან კავშირში ფეისბუკზე გამოთქმული მოსაზრებებისა და პოსტების გამო, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს გამოკითხვაზე იბარებს. სუს-ის ეს ნაბიჯი უკვე შეფასდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად და აზრის თავისუფლად გამოხატვის ხელის შეშლის მცდელობად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაწყებულ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიებას უკავშირდება.

დაბარება სუს-ში

როცა ჟურნალისტ ნინო ჭელიძეს უცნობი ნომრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სუს-ში „ფეისბუკსტატუსთან დაკავშირებით“ იბარებდნენ, ნინომ ჩათვალა, რომ ვიღაც ხუმრობდა.

ნინო ჭელიძე
ნინო ჭელიძე

უცებ ვერ მიხვდა, თუ რომელ სტატუსზე იყო საუბარი, რადგან ამ მხრივ, ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.

უპასუხეს, მოხვალ და აქ გაიგებო.

უკვე გამოკითხვაზე მიმავალს კი, მედიაში გავრცელებული უწყების განცხადება დაეწია და ყველაფერს მიხვდა: სუს-ში მისი დაბარება ეხებოდა მხოლოდ მეგობრებისთვის ღია პოსტს, სადაც ნინომ ასეთი კითხვა დასვა:

„ვინმეს გჯერათ, რომ გარდაცვალების დიაგნოზის გაყალბებაში კოვიდის სასარგებლოდ, ფულს იხდის სახელმწიფო?“

ეს პოსტი მან დაწერა 20 ივნისს, „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის საპასუხოდ, სადაც მარნეულელი რესპონდენტები ამბობდნენ, რომ სახელმწიფო, კონკრეტულ ოჯახებს, სთავაზობდა 10 000 ლარს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ.

ნინოს შეკითხვას ფეისბუკზე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

მათ შორის იყო „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის კომენტარიც, სადაც ის წერდა, რომ მასაც ჰქონდა ინფორმაცია, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ოჯახს როგორ შესთავაზეს თანხა ამავე მიზნით და რომ მათ ურჩია ამაზე საჯაროდ ელაპარაკათ.

25 ივნისს, ღამით, სუს-იდან ხათუნა სამნიძესთანაც დარეკეს და სთხოვეს დაედასტურებინა, რომ მან მართლაც დაწერა პოსტი კოვიდ-19-ის დიაგნოზის გაყალბებასთან დაკავშირებით.

ხათუნა სამნიძემ სუს-ის წარმომადგენელს უპასუხა, არანაირი პოსტი არ დამიწერია, ან რაში გაინტერესებთ, მე რა პოსტებს ვწერ და საერთოდ, საიდან მირეკავთო.

მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ფეისბუკზე დაწერილი პირადი მოსაზრების (კომენტარის) გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკავდნენ და, როგორც თავად ამბობს, დაკითხვას მოუწყობდნენ.

ხათუნა სამნიძემ მათ მკაცრად უპასუხა, რომ ეს არ ჯდებოდა მათ უფლებამოსილებაში და თუ საქმე მართლაც რამე სერიოზულს შეეხებოდა, მისთვის ოფიციალურად მოეწერათ.

მეორე დღეს ხათუნა სამნიძემ უწყებაც მიიღო:

სამნიძეს მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომ სუს-ის ჩარევის შემდეგ, კონკრეტულმა ადამიანებმა შეცვალეს მანამდე მედიით გავრცელებული მათივე მონათხრობი და თქვეს, რომ მასალა არასწორად იყო დამონტაჟებული და უკან დაიხიეს.

ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე

სამნიძის შეფასებით, ეს ტენდენცია - საპოლიციო ორგანოში ადამიანების დაბარება, მათი გამოკითხვა, პროცესში სუს-ის ჩართვა, მოწმობს, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მომსწრე გახდება:

„გზავნილი ასეთია: თუ გაქვს განსხვავებული აზრი, კრიტიკული ხარ და ეჭვი შეგაქვს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებში, მთელი სახელმწიფო აპარატი იმუშავებს შენს წინააღმდეგ. თან იმის ხაზგასმით, რომ ეს განსხვავებული აზრი სახელმწიფოს ქმედებებზე, ნიშნავს მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. და ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია“.

გამოკითხეს სხვებიც

ხათუნა სამნიძის და ნინო ჭელიძის ფეისბუკკომენტარებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს „მთავარი არხის“ სიუჟეტის ის რესპონდენტებიც, რომლებიც ამავე არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში კოვიდსტატისტიკის გაყალბების თაობაზე ლაპარაკობდნენ.

მათ შორის, ისინიც, ამბობს სიუჟეტის ერთ-ერთი ავტორი, ჯეიხუნ მუჰამედ ალი, ვინც უბრალოდ კადრებში მოხვდა.

სუს-მა განმარტა, რომ ისინი საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებოდნენ. თავად ეს გამოძიება რამდენიმე თვის წინ, კორონავირუსზე ცრუ შეტყობინებების დაგზავნის შედეგად დაიწყო.

25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში კი, სუს-მა გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს „მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით სიცრუეზე აგებული“ უწოდა.

„მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული. მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე... მიუხედავად აღნიშნულისა, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი...“

უწყების შეფასებით, ეს ყველაფერი „საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას“, გამოიწვევდა პროტესტს და „ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რატომ დაიბარეს ხათუნა სამნიძე ან ნინო ჭელიძე სუს-ში სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო, უწყებაში გვიპასუხეს, რომ:

  • მოქალაქეებს სუს-ში იბარებენ მოწმის სტატუსით „საბოტაჟის საქმის“ გამოძიების ფარგლებში და არა „ფეისბუკის სტატუსის გამო" და რომ ამის ერთადერთი მოტივი არის:
  • ხომ არა აქვთ ამ ადამიანებს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია.

სუს-ში ამბობენ, რომ რადგან გამოძიება გრძელდება, შესაძლოა, მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე სხვა პირებიც დაიბარონ.

„მთავარზე“ გასული სიუჟეტის ერთ-ერთი ავტორი, ჯეიხუნ მუჰამედ ალი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მათ შენახული აქვთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი რესპონდენტების ჩანაწერები, რასაც სიტყვასიტყვით თარგმნიან და ქართული ტიტრების თანხლებით გამოაქვეყნებენ.

რაც შეეხება თავად თემას, ჯეიხუნი აღნიშნავს, რომ მას თავად დაუკავშირდნენ ორი ოჯახიდან და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მერიის წარმომადგენლების მხრიდან მათ ნათესავებს მსგავს რამეს სთავაზობდნენ. ღიად ამაზე ლაპარაკისგან მათ თავი შეიკავეს, თუმცა საკითხის მოკვლევა „მთავარმა“ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ჯეიხუნ მუჰამედ ალი
ჯეიხუნ მუჰამედ ალი

„ჩვენს რესპონდენტებს ათქმევინეს, რომ ჩვენ რაღაც დავამახინჯეთ. მაგრამ როგორ ჰქონიათ, შავი მასალა არ გვაქვს შენახული? სამარცხვინოა სუს-ის ეს საქციელი. მისი მოვალეობაა, ის ინფორმაცია გადაამოწმოს, რაზეც ჩვენ სიუჟეტში ვლაპარაკობთ. მაგრამ თან გასაგებია, რაც ხდება. ადგილობრივი ხელისუფლება უკვე შეწუხებულია, რადგან ჩვენ დავიწყეთ მათი წინასაარჩევნო „შავი საქმეების“ კვლევა“, - გვითხრ ჯეიხუნ მუჰამედ ალიმ.

სუს-ის მიერ „მთავარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება, უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებად და მედიის თავისუფლებაში ჩარევის ძალზედ სახიფათო პრეცედენტად შეაფასა კოალიციამ „მედია ადვოკატირებისათვის“.

„სატელევიზიო სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, შეიძლება ჰქონდეს შეუქცევადი მსუსხავი ეფექტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებებისთვის და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-ს მედიის მიმართულების პროექტის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს სუს-ის განცხადების იმ ასპექტზე, რომ გამოძიება საბოტაჟის (ქვეყნის დასუსტების მიზნით ჩადენილი ისეთი ქმედებები, რაც ხელს შეუშლის სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობას), მუხლზე აკეთებს აქცენტს.

ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, სუს-მა თავის განცხადებაში, ვარაუდზე დაფუძნებით იმსჯელა, რაც საერთოდ არ ჯდება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით გათვალისწინებულ მოცემულობაში.

„ანუ სუს-ის ვარაუდით, ხალხის უკმაყოფილება გამოიწვევს სახელმწიფო დაწესებულებების ცუდად მუშაობას, რაც არ არის სწორი და ასეთ ვარაუდებზე აგებული მსჯელობა არ არის საბოტაჟის შემადგენლობა. ცხადია, ამ ფონზე, ხალხთან დარეკვა და მათი გამოკითხვაზე დაბარება უბრალოდ არასწორია. ასეთი რამის დაშვება და გამოხატვის თავისუფლებაში ასეთი დოზით ჩარევა ძალიან ცუდი პრეცედენტია“, - უთხრა ნიკა სიმონიშვილმა რადიო თავისუფლებას.

საკუთარი აზრის გამოთქმისათვის სუს-ში დაბარების ფაქტს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. 26 ივნისს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად მისულ პრემიერ გიორგი გახარიას ასე მიმართა:

„კომიკურია თუ სატირალი, არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ, სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ კი ჯერ ფეისბუკზე დაწერა საჯაროდ, შემდეგ ამ საკითხს საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვნა და განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში, მედიაში, მოქალაქეების მიერ პირად სტატუსებში აზრის გამოთქმის გამო სუს-ში დაბარება არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონის დარღვევა, რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა და უფლებამოსილების გადამეტება.

„ნებისმიერი, ვინც ამას განახორციელებს - არღვევს კანონს, აწესებს ცენზურას, ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და დამნაშავეა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

P.S. სუს-ში დაკითხვის შემდეგ ნინო ჭელიძემ გვითხრა, რომ მას დააზუსტებინეს, მისი სტატუსის შემდეგ ხომ არ მოიპოვა მეტი ინფორმაცია ისეთ ოჯახზე, ვისაც თანხა შესთავაზეს სიკვდილის დიაგნოზის გაყალბებაში. თუმცა მსგავს ინფორმაციას ჟურნალისტი არ ფლობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG