Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, გერმანიის ელჩზე ნათელაშვილის განცხადება შეაფასონ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩზე შეტევასა და გერმანიის მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას უწოდებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას. ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი, ჰუბერტ კნირში ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში დაადანაშაულა და გერმანიის მთავრობას მისი გაწვევა სთხოვა.

"ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია", - აღნიშნავს თალაკვაძე.

ბრალდებების გასაჟღერებლად ნათელაშვილმა ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც კნირშმა თქვა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები არ იყო. გუშინ, 26 ივნისს გერმანიის ელჩმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები:

"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება".

გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. ორშაბათს, 29 ივნისს კი საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს. ამ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.

"ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს - გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია.

ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

XS
SM
MD
LG