Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის წევრები ითხოვენ მეტ ინფორმაციას რუსეთისა და თალიბების კავშირის შესახებ


ამერიკელი კანონმდებლები თეთრი სახლისგან მეტ ინფორმაციას ითხოვენ პრესაში გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს აშშ-ის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო დაზვერვის მიერ იმის თაობაზე, რომ რუსეთი ფულად ჯილდოს სთავაზობდა ექსტრემისტებს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვის სანაცვლოდ.

კონგრესის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ვაიომინგიდან, ლიზ ჩეინიმ, 28 ივნისს განაცხადა, რომ თუ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა სიმართლეა, კანონმდებლები ვალდებული არიან, იცოდნენ, „თუ ვის აცნობეს და როდის ამის შესახებ“, ხოლო თეთრმა სახლმა უნდა განმარტოს, თუ რატომ არ იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებულნი აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი და რა მოიმოქმედეს მათ, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, პასუხი ეგო.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“, 26 ივნისის ნომერში, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ГРУ) თალიბანთან დაკავშირებულ მებრძოლებს სთავაზობდა ფულს აშშ-ისა და კოალიციის ჯარის სამხედროთა მოსაკლავად.

28 ივნისს კი გაზეთმა გამოაქვეყნა ახალი სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაზვერვისა და სპეცალური ოპერაციული ძალების წარმომადგენლებმა სავარაუდო რუსული შეთქმულების შესახებ, აშშ-ის ხელმძღვანელობას არაუგვიანეს იანვარში აცნობეს.

ამ პუბლიკაციების პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თალიბებს შორის ასეთ გარიგებაზე ამერიკის დაზვერვამ ინფორმაცია არ მიიჩნია „სარწმუნოდ“ და ამიტომ არ უცნობებიათ ის აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისათვის.

ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა წუხელ ტვიტერში დაწერა.

დონალდ ტრამპი გაზეთის პუბლიკაციას უწოდებს რუსეთთან დაკავშირებულ მორიგ „ფეიკ ნიუსს“, რომელიც მიზნად ისახავს „რესპუბლიკელების ცუდად წარმოჩენას“.

XS
SM
MD
LG