Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერებმა "პოტენციურად" საშიში გრიპის ვირუსი აღმოაჩინეს ჩინეთში


ახალი სახეობის გრიპი, რომელსაც აქვს ეპიდემიად ქცევის პოტენციალი, მეცნიერებმა ჩინეთში გამოავლინეს. იუწყებიან, რომ ვირუსი ახლახან გამოჩნდა და ღორებშია გავრცელებული, მაგრამ მეცნიერების დაკვირვებით, შესძლოა, რომ ადამიანსაც შეეყაროს.

„ბი-ბი-სის“ თანახმად, მკვლევრები შეშფოთებული არიან იმით, რომ შესაძლოა ვირუსის შემდგომი მუტაცია, რის გამოც იგი იოლად შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური პანდემია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გრიპი ჯერ არ წარმოადგენს უშუალო პრობლემას, მეცნიერები ამბობენ, რომ მას აქვს ძლიერი შემგუებლობისა და ადამიანების დაავადების „ყველა ნიშანი“, რის გამოც საჭიროა საფუძვლიანი მონიტორინგი.

გარდა ამისა, ვინაიდან ეს ვირუსი ახალია, ადამიანებს შესაძლოა მის მიმართ ჰქონდეთ ძალიან დაბალი იმუნიტეტი, ან საერთოდ არ ჰქონდეთ.

ღორის გრიპის პანდემია, რომელმაც 2009 წელს იჩინა თავი, სიცოცხლისათვის იმაზე უფრო ნაკლებად საშიში აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ, მეცნიერების დაკვირვებით, ძირითადად, იმის გამო, რომ მრავალ ხანდაზმულ ადამიანს ჰქონდა მასზე გარკვეული იმუნიტეტი. გარდა ამისა, ღორის გრიპს აღმოაჩნდა გარკვეული მსგავსება გრიპის სხვა ვირუსებთან, რომლებიც მანამდე უკვე იყო მსოფლიოში გავრცელებული.

მეცნიერები ჟურნალ „Proceedings of the National Academy of Sciences“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერენ, რომ საჭიროა ოპერატიულად გატარდეს ღორის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები, რაც ითვალისწინებს მეღორეობის დარგში მომუშავე ადამიანების საფუძვლიან მონიტორინგს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG