Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს ცვლილებები გავლენას მოახდენს მთლიანად მედიაგარემოზე"


"ეს ცვლილებები გავლენას მოახდენს მთლიანად მედიაგარემოზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:17:49 0:00

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმართა ორ კანონში - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ცვლილებების ინიციატივით და ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმართა ორ კანონში - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ცვლილებების ინიციატივით და ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, მას ემატება 461 მუხლი, რომლის პირველივე პუნქტში ვკითხულობთ:

„თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას“.

საყურადღებოა აგრეთვე მე-12 პუნქტი, რომელშიც სპეციალური მმართველის უფლებამოსილებებია განსაზღვრული. მას შეუძლია:

„ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა)“.

ამასთან, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ (მისი უფლებამოსილებები შეიძლება 2 წლამდე ვადით განისაზღვროს), კომპანიას არ შეუძლია არანაირი ქმედების განხორციელება, „სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობის გარეშე“.

რაც შეეხება ცვლილებას „მაუწყებლობის შესახებ კანონში“, დღეს მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ასეთი შინაარსისაა:

„კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

მოთხოვნილი ცვლილებით კი ასეთი იქნება:

„კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სარჩელის მიღება სასამართლოში არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებას“.

„ორივე ნაწილი არის საგანგაშო“, - აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი რადიო თავისუფლების ეთერში:

„თუ ასეთი სახით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, როცა მოხდება კომისიის აქტის გასაჩივრება, მისი შეჩერება აღარ მოხდება. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი არ დაეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას და გაასაჩივრებს სასამართლოში, აქტის მოქმედება გაგრძელდება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და რიგ შემთხვევაში აზრიც აღარ აქვს გასაჩივრებას, რადგან იცით, რამდენ ხანს გრძელდება სასამართლო პროცესები.

...თუკი, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შემოსატანად არის ეს კანონპროექტი, რატომ აქამდე არ დადგა ეს საკითხი? რა საჭიროა ამის დაჩქარებული წესით განხილვა წინასაარჩევნო პერიოდში, 1-ლი სექტემბრიდან ამ ყველაფრის ამოქმედება? რატომ არ გახდა ეს ფართო საჯარო დისკუსიების საგანი? - ეს კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს“.

მარიამ გოგოსაშვილს საფუძველშივე არასწორად მიაჩნია მარეგულირებელი ორგანოსთვის „სპეციალური მმართველის“ დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, როგორ შეიძლება ეს შეეხოს მედიის მუშაობას:

„ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის გამიჯვნა საკმაოდ რთულია და ამის მარტივად ახსნა შეიძლება. ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები არიან: ინტერნეტპროვაიდერები, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები - საკაბელო ოპერატორებს რომ ვეძახით, აგრეთვე არიან სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ასევე არიან მულტიპლექს-ოპერატორები, რომლებიც ღია ეთერით უზრუნველყოფენ მაუწყებლების გავრცელებას. რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ მაუწყებლობის ტრანზიტზე, მულტიპლექს ოპერატორებზე, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მაუწყებელთან, გარდა იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა მაუწყებელი და სატელეკომუნიკაციო კომპანია იყოს ერთი და იგივე პირი. მაგალითად, რეგიონული მაუწყებლების საკმაოდ დიდ ნაწილში მულტიპლექს-ოპერატორი არის თავად რეგიონული მაუწყებელი. როცა სპეციალური მმართველი დაინიშნება, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ არ მოუწევს მაუწყებელთან შეხება, მაინც უწევს.

გარდა ამისა ჩნდება კითხვები იმაზე, თუ რა ინტერპრეტაცია მიეცემა კანონს და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს გავრცელდეს მაუწყებლებზეც. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ეს ჩანაწერი მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნას, ნამდვილად არ გამიკვირდება, ისეთი ინტერპრეტაცია მიეცეს, რომ პირდაპირ მაუწყებლებზეც გავრცელდეს. თუმცა, ასეც რომ არ მოხდეს, მაინც არის ეს ცვლილებები ერთმანეთთან კავშირში და რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს მთლიანად მედიაგარემოზე და დაუსაბუთებლად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

როცა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი კანონპროექტი რეგისტრირდება და დაჩქარებული წესით ხდება მისი განხილვა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს წინასაარჩევნოდ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG