Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაწვეს თუ შემთხვევით დაიწვა ის ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის მოწმე იმალებოდა


დაწვეს თუ შემთხვევით დაიწვა მცხეთის მაგისტრალზე მდებარე ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორია, ის ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ტერიტორიას ცეცხლი 4 ივლისს, დილით გაუჩნდა. თუმცა, შსს-ში, 7 ივლისს გამართული ბრიფინგიდან ვიგებთ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების მოკვლევა უწყებამ ხანძრიდან ორი დღის შემდეგ, 6 ივლისს დაიწყო.

„ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა - განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არის გამოძიების საგანი, ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განაცხადა 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.

რადიო თავისუფლებამ ხანძართან დაკავშირებული კითხვებით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 6 ივლისს მიმართა: რა ტერიტორია დაიწვა? რა ფართობი? რას ეკიდა ცეცხლი? რამდენ ხანში მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია? რამ გამოიწვია ხანძარი?

უწყებაში გვითხრეს, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდებოდა და როგორც კი ინფორმაცია მზად იქნებოდა, სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ამ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ. თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან რადიო თავისუფლებას არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

ინფორმაცია, იმ ტერიტორიის დაწვის ფაქტზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, 5 ივლისს გაავრცელეს საქმის ბრალდებულების ადვოკატებმა.

ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 4 ივლისს, დილით, როდესაც ის თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდა, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი ემალებოდა მდევრებს, ხანძარი შენიშნა:

„მანქანაც გავაჩერე. უკვე მოქალაქე იძახებდა სახანძროს. ჩემი თვალით ვნახე, რომ იწვოდა. თუმცა, დაიწვა თუ რა მოხდა, აღარ ვიცი, რადგან წუხელ გვიან, საპირისპირო მხარეს გამოვიარე და აღარ დამინახავს, საბოლოოდ რა მოხდა“.

საყურადღებოა, რომ რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დათვალიერების ოქმის თანახმად, იმ ტერიტორიის შესწავლა, სადაც საქმის მთავარი მოწმეები აფარებდნენ თავს, ანუ, ფერადი შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგის შესწავლა, გამოძიებამ ინციდენტის ღამიდან 10 დღის თავზე, 29 ივნისს გადაწყვიტა. ნიადაგის ნიმუშების აღებიდან ხუთ დღეში კი, აღნიშნულ ტერიტორიას ცეცხლი ეკიდება.

დათვალიერების ოქმში ვკითხულობთ, რომ გამომძიებლებმა ნიადაგის ნიმუშები აიღეს იმ ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის შავი წელის ჩანთა იპოვეს. ასევე იმ ტერიტორიიდან, სადაც იმალებოდა გურამ ამირხანაშვილი. ნიადაგის ნიმუშია აღებული იმ ბუჩქების მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი იმალებოდა და ასევე, მოწმე გიორგი ქათამაძის სამალავი ტერიტორიიდან.

დამოუკიდებელი ექსპერტების ვარაუდით, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ინციდენტის ტერიტორიიდან ამოღებული ნიადაგის ნიმუშები, მოწმეთა ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე აღმოჩენილ ნიადაგის ნაწილაკებს უნდა შედარდეს.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში, არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რა მიზნით იქნა ამოღებული ტერიტორიიდან ნიადაგის ნიმუშები. ერთადერთი, რასაც ოქმის ავტორები, ექსპერტ-კრიმინალისტები დოკუმენტში მიუთითებენ, ეს არის ის, რომ „დამატებით დათვალიერდა მდინარე არაგვზე გამავალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია, ხეობაში ჩამავალი ბილიკი...“

დასრულდა თუ არა ამოღებული ნიმუშების ექსპერტიზა და რა შედეგი აჩვენა ექსპერტიზის პასუხებმა, ამის შესახებ ინფორმაცია, რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოიპოვა.

თეთრი ფურგონი - საქმის ახალი მონაწილე


მას შემდეგ, რაც საქმის მასალებში, კერძოდ კი ვიდეო-მასალებში, ტელეკომპანია "მთავარმა" და "ფორმულამ" აღმოაჩინა თეთრი ფერის, ფურგონის ტიპის ავტომანქანა, რომელსაც გარე კამერები აფიქსირებენ როგორც დიდუბეში, სწორედ იმ ადგილას, სადაც გურამ ამირხანაშვილი ჩამოსვეს ინციდენტში მონაწილე „ტოიოტას“ მგზავრებმა (თეთრი ფურგონიდან გადმოსული პირი გურამ ამირხანაშვილს უკან მიჰყვება და 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება) და ასევე, სავარაუდოდ, მცხეთის საავტომობილო ტრასაზე, ფერად შენობასთან, გაჩნდა ვარაუდი, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, შესაძლოა, რამდენიმე წუთის განმავლობაში სწორედ ფერად შენობაში ჰქონდათ და საბოლოოდ თეთრი მანქანით წაიღეს ტერიტორიიდან.

ვარაუდს, რომ შესაძლოა გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში არა 19 ივნისის ღამეს, არამედ უფრო გვიან, მაგალითად, ორი დღის შემდეგ აღმოჩნდა, არ გამორიცხავს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ დაშვებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც გვამის ფოტოები დაათვალიერა:

„ეს განცდა და დაშვება ჰაერიდან არ მოსულა. ფოტოების დათვალიერების შემდეგ, დავასკვენით, რომ წყლის ზემოქმედება ცხედარზე არის მინიმალური. მეორე საკითხი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმ კატეგორიის წყალში, სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, ის მალევე უნდა ამოტივტივებულიყო ზედაპირზე. და თუკი ცხედარი წყალში არ იყო, მაშ, სად იყო ცხედარი? ამიტომ ბუნებრივია, რომ რაღაც დროის მონაკვეთში, შესაძლოა, ცხედარი ყოფილიყო ან ფერად შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ ვერსიას არსებობის უფლება გააჩნია. განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს ახლა ისიც, რომ ეს ტერიტორია დაიწვა. მოგეხსენებათ ირგვლივ უამრავი მინდორი და ველია, რაღა, მაინც და მაინც, იქ გაჩნდა? ამიტომ ეს ბმა და ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა სწორედ ასე ყოფილიყო, ცალსახაა. რამდენიც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ აქ შეიძლება ბმა არ იყოს, ტყუილი იქნება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ვერსიად ჩვენ ამ ვარიანტსაც განვიხილავთ“.

„ტოიოტა ქამრის“ მგზავრების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, სრულიად გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და თეთრი მანქანის კავშირს. თუმცა, ამბობს, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, ვის ეკუთვნის მანქანას, ვინ გადაადგილებოდა ამ მანქანით:

„თეთრი მანქანა, ფაქტობრივად, ფეხდაფეხ მიჰყვება „ტოიოტა კამრის“. დროის გათვალისწინებით, „ტოიოტას“ მგზავრები ვერ მოასწრებდნენ ამ მანქანის გამოძახებას, ცხედრის გადაადგილებას. დროში არ ემთხვევა ეს ყველაფერი. თუმცა, გეთანხმებით, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს გადამოწმება“.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოკადრების თანახმად, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG