Accessibility links

შსს: შაქარაშვილის საქმის მოწმის დამალვის ადგილზე ხანძარი ჯართის შემგროვებელმა გააჩინა


შსს-ს თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადგილი სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ხელოვნურად არის დამწვარი.

შსს-ს განცხადების მიხედვით 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია.

„შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ეს მუხლი გაუფრთხილებლობით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

7 ივლისს შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ ტერიტორიის დაწვის ფაქტზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ცალკე გამოძიება მიმდინარეობს.

ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, დამწვარია. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძეც.

რადიო თავიუფლებამ ხანძართან დაკავშირებული კითხვებით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 6 ივლისს მიმართა. უწყების განმარტებით, პასუხების მოძიებას გარკვეული დრო სჭირდება და როგორც კი ინფორმაცია მზად იქნება, მოგვაწვდიან.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და დამძიმდეს.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე ნახეთ: გიორგი შაქარაშვილის საქმე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG