Accessibility links

ხაბაროვსკში აქციები იმართება დაპატიმრებული გუბერნატორის მხარდასაჭერად


ხაბაროვსკის ოლქში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ახლახან დაპატიმრებული თავიანთი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, მხარდასაჭერად.

გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება ფურგალს!“ და აცხადებდნენ, რომ „არ მიიღებენ“ რეგიონის სხვა ხელმძღვანელს.

ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი და ფსევდოოპოზიციური „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვში, საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს დასაკითხად.

ფურგალის დაპატიმრების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის რეგიონული განყოფილების ხუთი წევრის სახლში. საოლქო დუმაში ამ პარტიის ორი წევრი კი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა ამურის კომსომოლსკსა და ხაბაროვსკში. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო რუსეთში მასობრივი თავყრილობების ჩატარება აკრძალულია, იუწყებიან, რომ პოლიცია არ ერეოდა მომხდარ აქციებში, მხოლოდ ვიდეო- და ფოტოკამერებზე აღბეჭდავდა აქციის მონაწილეებს.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 9 სექტემბრამდე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორს. იგი ეჭვმიტანილია 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG