Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კაწროს" სახელით, ქარტიას გვარამიას წინააღმდეგ განცხადებით, მისი ცოლი მიმართავს


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად ცნო „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განცხადება, რომლითაც ჯერ ავთანდილ ბილანიშვილმა მიმართა, მოგვიანებით კი განმცხადებლად მისი მეუღლე ნათია რუხაია დარეგისტრირდა.

ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ მხარე, რომელიც, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მონაწილეა, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამი პრინციპის დარღვევას ედავება:

  • ინფორმაციის სიზუსტე
  • დადასტურებული წყარო
  • ფაქტის განზრახ დამახინჯება

„მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 07 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო. აღნიშნულ საქმეზე ქარტიას თავდაპირველად ავთანდილ ბილანიშვილმა მომართა, თუმცა, მოგვიანებით, ქარტიის სამდივნოსთან კომუნიკაციის შედეგად, საქმეზე განცხადებელი დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

19 ივნისს, მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „მთავარმა არხმა“ ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში არაერთხელ ახსენა. არხი მას ქუჩის ავტორიტეტად მოიხსენიებდა და აღნიშნავდა, რომ მას ხელს აფარებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია.

არხმა, 7 ივლისს, ასევე გაავრცელა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც მცხეთიდან ჩამოსული გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნაა ასახული. „მთავარი არხის“ ვერსიით, ვიდოკადრებში გამოჩენილი კაცი, სავარაუდოდ, ბილანიშვილია და ის 4 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილს ესაუბრება.

კადრებში, რომელიც 19 ივნისის სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწროა“, რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, „ამუშავებს“ ჩვენების მიცემის თაობაზე.

ავთანდილ ბილანიშვილი გამოძიებამ 8 ივლისს გამოკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "მთავარი არხის" მიერ შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ ჩანს.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ქუჩის "ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. შსს "მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე" აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა.

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში "პირად საქმეზე" გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა დარეკვა სთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG